http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139421
მნიშვნელოვანია, მივიღოთ ყველა ზომა და უფრო გავამკაცროთ კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის უკონტროლო და სწრაფი გავრცელება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც სამ მნიშვნელოვან თემას ეხება – პირველი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური მკურნალობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგებისა და მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება. როცა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ამ ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კიდევ უფრო კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკონტროლო და სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.