თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს იუსტიციის სახლები არ მოემსახურებიან და სამართალდამცავებს მიმართავენ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139438 იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების მიმართ გარკვეული ზომები გატარდება. იუსტიციის სახლი თვითიზოლაციის სავალდებულო პირობების დამრღვევი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილიალებს მიმართავენ, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს. „იმ პირებს, რომელებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება. იუსტიციის სახლი მოუწოდებს უცხო ქვეყნიდან ახლად დაბრუნებულ და თვითიზოლაციის რეჟიმზე მყოფ სხვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, მართლშეგნება, შეასრულონ ჯანდაცვისა და სამართავლდამცავი უწყებების რეკომენდაციები და მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დარჩნენ თვითოზოლაციის პირობებში და ნუ მიმართავენ იუსტიციის სახლებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თანამოქალაქეებს. აქვე ვთავაზობთ ასეთ მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
0