საქართველოს გასაბჭოების ქრონოლოგია - ბოლშევიკების მე-11 წითელი არმია.

0
16 თებერვალს - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ. 17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. 19 თებერვალს - მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ. 20 თებერვალს - კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს. 19-20 თებერვალს - სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა. 23 თებერვალს - სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით. 17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. 24 თებერვალს - საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს.ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. ინფორმაცია ეყრდნობა parliament.ge-ზე ატვირთული ფაილის მონაცემებს.
0