თბილისის ზღვა დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონაა. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა და საბჭოთა პერიოდში განხორციელდა.
თბილისის ზღვა საზეიმოდ 1951 წელს გაიხსნა. მაგრამ რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე მანამდე ? ხელოვნური ზღვა ივრის ზეგანზე გაშენდა. წყალსაცავამდე აქ სამი მლაშე ტბა - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ტბა არსებობდა. სიმლაშის გამო ხსენებულ ტბებში თევზი არ მოიპოვებოდა.
ცნობილ ქართველ პუბლიცისტ, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, თბილისის საკრებულოს (ე.წ. „გარადსკაია დუმას“) ოთხგზის დეპუტატს - ნიკო ნიკოლაძეს მე-19 საუკუნეში დაებადა იდეა, რომ სამ ტბასთან ერთად უნდა შექმნილიყო სხვა ტბებიც, რომლებიც ტბათა წყებას შექმნიდნენ. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფდა დედაქალაქისა და ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ტემპერატურის დაბალანსებას. ამასთან, მოხდებოდა არხის გაყვანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაც სამხრეთ-აღმოსავლეთით მოურწყავი მიწების წყლით მომარაგება იქნებოდა. მიუხედავად იდეის პრაქტიკულობისა, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. აღნიშნული პროექტი დიდი ოდენობით ხარჯებს ითვალისწინებდა.
თუმცა, ნიკოლაძის იდეა უფრო დიდი მასშტაბებით განხორციელდა საბჭოთა პერიოდში. კერძოდ კი, ცეკას პირველი მდივნის - კანდიდ ჩარკვიანის ეგიდით, 40-იან წლებში დაიწყო უზარმაზარი არხის გაჭრა. ივრის ზეგანთან ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა სხვადასხვა ხელსაწყოებით: ნიჩბებით, წერაქვებით, ბარებით. საბოლოოდ რამდენიმე წლიანი შრომის შედეგად მათ 9 კმ. სიგრძის, 2 კმ. სიგანისა და 5 მ. სიღრმის წყალსაცავი გათხარეს.
2007 წელს აღდგა და გაფართოვდა თბილისის ეროვნული პარკი, რომელიც 1975 წელს დაარსდა. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში შევიდა თბილისის ზღვაც.
დღესდღეობით თბილისის ზღვაზე გაშენებულია სხვადასხვა რეკრეაციული ობიექტები, როგორებიცაა იახტკლუბი, აკვაპარკი ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებითა და ველნეს ცენტრით. ამასთან, PwC-ის ანალიზის თანახმად, თბილისის წყალსაცავს პოტენციალი აქვს 262 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდოს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#თბილისი #თბილისისზღვა #თბილისისწყალსაცავი
#ისტორია
#ნიკონიკოლაძე
#საბჭოთაკავშირი