შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ღმრთისმშობლობა.

0
დღეს 21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს: ღმრთისმშობლობას. შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევაი, და მოგვმადლა კურთხევაი და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი. კონდაკი: იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა. შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“. გილოცავთ დღემანდელ დღესასწაულს, მეოხ გვეყოს დედა ღვთისმშობელი მის წილხვედრ საქართველოს. ღვთისმშობლის კალთა გმფარველობდეთ თქვენ და მთელ საქართველოს. სტატია:
0