საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. 2020 წელი თანამედროვე მსოფლიომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლით დაიწყო. ჩინეთში წარმოქმნილმა აქამდე უცნობმა ინფექციურმა დაავადებამ უკვე დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. ჯერ გლობალურ საფრთხედ, შემდეგ კი პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა. როდის და რატომ ხდება აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება? რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? რა იკრძალება და რა იზღუდება ასეთ სიტუაციაში? რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემიის / ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობა არის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. ამ ქმედების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება. საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - ცალკეულ რეგიონში. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს. Justitium-ი რომაულ სამართალში საგანგებო მდგომარეობის ეკვივალენტია. ეს იყო კონცეფცია, რომლის თანახმად სენატს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. რა და რა სახის საგანგებო მდგომარეობა არსებობს? საგანგებო მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. სწორედ ამის მიხედვით, ის ოთხ სახეობად იყოფა: 1. ბუნებრივი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საშიში ბუნებრივი მოვლენებითა და პროცესებით (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური, აგრეთვე ბუნებრივი ხანძრები) არის განპირობებული; 2. ტექნოგენური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სამრეწველო ავარიებსა და კატასტროფებს (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროდინამიკური ავარიები), ხანძრებსა და აფეთქებებს, სატრანსპორტო ავარიებს მოიცავს; 3. ბიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ და ერთდროულად გავრცელებული ინფექციური დაავადებებით (ეპიდემიები) არის გამოწვეული; 4. სამხედრო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, დივერსიებითა და ტერორისტული აქტებით არის განპირობებული. ვინ და რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას? საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, როდესაც ის თვლის, რომ კატასტროფა მოხდა ან შესაძლოა, მოხდეს. ამ დროს ის მოითხოვს სახელმწიფო დახმარებას ადგილობრივი რესურსების დამატებით, რათა უფრო მეტი მატერიალური, მორალური და ადამიანური რესურსის დანაკარგი თავიდან აიცილოს. მაგალითად, აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. თუმცა ცალკეული შტატის დონეზე ამ უფლებამოსილებას გუბერნატორიც ასრულებს. რა სახის შეზღუდვები წესდება საგანგებო მდგომარეობის დროს? ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა. მაგალითად: - იხურება ყველა ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი; - იხურება თეატრები, კინო და მუზეუმები; - აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები; - შეიძლება შეჩერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან შეზღუდვა დაწესდეს მის ამა თუ იმ სახეობაზე; - სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხადდება კარანტინი; - სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან; - იკრძალება შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ. რისი გაკეთება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დროს? - დაიცავით საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული გეგმა; - მოამზადეთ პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრები; - დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ, სანამ სხვებს გაუწევთ დახმარებას; - მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიიღეთ ინფორმაცია შესაბამისი ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისგან და მიჰყევით მათ ინსტრუქციას; - დარჩით სახლში, სანამ უშუალო მითითებებს არ მიიღებთ. სად არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა? საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოცხადებული. მათ შორის არის აშშ, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელება დაფიქსირდება, საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდება.
#საქართველო
#საგანგებომდგომარეობა
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#covid19
#georgia
0