2 votes
0 comments
0 shares
Save
61 views
მოგზაური მოგზაური
Batumi · 3 months ago

ძველი თბილისი


მოგზაური მოგზაური
Batumi · 3 months ago
Similar Posts
მოგზაური მოგზაური
Batumi, Georgia · 3 months ago
ძველი თბილისი❤🇬🇪
+3
მოგზაური მოგზაური
Batumi, Georgia · 3 months ago
ბათუმის ძველი რკინიგზის სადგური
Kutaisi Daily
Zeda Simoneti, Georgia · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
Spectator: საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“
„სამეფო ხარისხი - რუსეთის მეფეებისა და კომუნისტების მმართველობის დროს რუსები გასართობად საქართველოში ჩადიოდნენ“, - ამერიკულ გამოცემა Spectator-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში უილიამ კუკი წერს. „ეს რეგიონები არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს“, - ამ გაფრთხილებას ვკითხულობთ საქართველოს დედაქალაქის - თბილისის სიცოცხლით სავსე ცენტრის გამოკრულ რუკაზე, - მოგზაურობა ამ რეგიონებში არ არის რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აფხაზეთი - მანქანით სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზე. მეორე რეგიონია სამხრეთ ოსეთი - სულ რაღაც 1 საათი თბილისიდან. 2008 წლის შემდეგ ორივე რეგიონი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ სქართველოს ხელისუფლების სრული იგნორირებით. მიუხედავად ამისა, აქ - თბილისში ნამდვილი ტურისტული ბუმია და ტურისტების დიდი რაოდენობა რუსეთიდანაა. ეს ნატიფი ირონია აჯამებს ყველაფერს, რაც აქცევს თბილისს ესოდენ მომნუსხველ ქალაქად - მეტროპოლიას, სადაც, კალეიდოსკოპის მსგავსად, ყველაფერი სულ სხვა ფერებში გვეჩვენება. სახელისუფლებლო შენობებზე და შიგნით საქართველოს დროშებს გვერდს უმშვენებს ევროკავშირის დროშები, არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ მას წევრობა სურს. გარდა ამისა, შარშან, ჩემი სტუმრობის დროს ლამპიონი მორთული იყო ნატოს დროშებით - და ისევ, არა იმიტომ, რომ საქართველო ნატოს წევრია, არამედ იმიტომ, მას ალიანსში შესვლა სურს. საქართველო არის ევროპის „სადაო ტერიტორია“, მოქცეული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყნის მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი მარწუხებს არ ადუნებს. თავდაპირველად რუსეთის მეფემ განახორციელა საქართველოს კოლონიზაცია. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდი 1917-1921 წლებში, რომელსაც ისევ მოჰყვა კოლონიზაცია, ამჯერად საბჭოეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა აღიდგინეს დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს მათი გაშვება არაფრის დიდებით არ სურდა. საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“, მაგრამ სამხრეთის საზღვარზე ნატოს წევრის ყოლას ვლადიმერ პუტინს ყველაფერი ურჩევნია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პუტინს აძლევენ შესაძლებლობას, ჰყავდეს საქართველო ახლოს. ნატო ვერ მიიღებს საქართველოს, სანამ რუსული ჯარები რჩებიან საქართველოს მიწაზე. შესაბამისად, ამ ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი. ერთხელ მომიწია ნატოს წვრთნებზე დასწრება, რომლებიც (პირველად ისტორიაში) საქართველოს წინამძღოლობით იმართებოდა. ამ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, წარმომადგენლებთან ერთად. მე შევხვდი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასვე გავხდი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მოწმე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიების ქართველ ვეტერანებთან - ეს იყო ინვალიდების სევდისმომგვრელი შეკრება. შეხვედრებს შორის დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში და ვტკბებოდი დასავლურისა და აღმოსავლურის კოლორიტული ნაზავით. ფართო ბულვარებზე სეირნობისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარიზში ხართ. მეორე მხრივ, ჩაუყვებით თუ არა მიხვეულ-მოხვეულ შუკებს, უმალ აღმოსავლეთში აღმოჩნდებით. კიდევ უფრო დიდი განსხვავება იგრძნობა უძველესსა და თანამედროვეს შორის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი სამიკიტნოები და ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები ხშირად გვერდიგვერდ არის განლაგებული. თუმცა ყველაზე დიდი კულტურული დაპირისპირება თაობების თვალსაზრისით არის თვალშისაცემი - ერთი მხრივ, ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, გონებაგახსნილნი და ოპტიმისტურნი და, მეორე მხრივ, უფროსი თაობის რუსულად მოსაუბრე ქართველები, რომლებიც აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაბადებულთათვის ეს იყო ფანტასტიკური შესაძლებლობა - ცხოვრებამ მათ გზა გაუხსნა. მეორე მხრივ, ეს იყო კატასტროფა მათთვის, ვისაც ასაკი ახალ ცხოვრებაზე მორგებაში თუ თავიდან დაწყებაში ხელს არ უწყობდა. მართალია, პუტინის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს „კლანჭებში ყოლას“, არსით გეოპოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ რიგით რუსებს უფრო სენტიმენტალური გრძნობები აკავშირებთ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. რუსეთის მეფისა და კომუნისტების მმართველობის დროს სწორედ აქ ჩამოდიოდნენ რუსები დროის სატარებლად. საქართველოში საუკეთესო ღვინოა, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო პლაჟები, საუკეთესო სამზარეულო. „საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მას იმდენად არ შეხებია საბჭოთა ცხოვრების უფერულობა და მონოტონურობა, - აცხადებს არტურ კესტლერი, - ამ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური მომხიბვლელობა, არც ევროპული და არც აზიური, არამედ ორივეს სვებედნიერი ნაზავი“. ეს სვებედნიერი ნაზავი დღესაც შეიმჩნევა, მიუხედავად თბილისის კარზე მომდგარი რუსი ჯარისკაცებისა. საქართველოში ჩემი „ნატოელი“ გზამკვლევი გახლდათ ისლანდიელი ქალი, რომელიც აქ შარშან ჩამოვიდა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. ცხადია, რომ მას აქ ძალიან მოსწონს. ერთხელ მან „ძველი მეტეხის“ რესტორანში წამიყვანა, რომელიც მიხვეულ-მოხვეული მდინარის თავზე წამომდგარ კლდეზე იწონებს თავს და ზევიდან დასცქერის ხელისგულზე გაშლილ ქალაქს. ატყდა სიმღერა და ცეკვა-თამაში, რაც მოგვიანებით უეჭველად აისახებოდა ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე იყო უთვალავი კერძი, რომლებსაც ცეცხლივით წითელ ღვინოს ვაყოლებდით. ისევე, როგორც [ქართული] კულტურა მთლიანობაში, ადგილობრივი სამზარეულოც წარმოადგენს რუსულისა და თურქულის კომბინაციას. ხემსი იმხელა ჯამით მოგვართვეს, რომ მთავარი კერძი მეგონა. და როცა მთავარი კერძი შემოაბრძანეს, მე უკვე საკმაოდ დანაყრებული გახლდით. ფიცროი მაკლინი (როგორც ამბობენ, ჯეიმს ბონდის პერსონაჟის პროტოტიპი) ბევრჯერ ყოფილა თბილისში. „ქალაქმა უმალ მომნუსხა, - წერდა იგი, - ეს სახლები, გიჟმაჟური სტრუქტურები წინ გამოშვერილი, ფერდობის გვერდზე მერცხლის ბუდესავით დაკიდებული ვერანდებით. ქვევით მთის ნაკადი თქარუნით მიექანება. შორს ფერდობზე კი ისევ სახლები მოჩანს“. შეიძლება ვცდები (და, ალბათ, ვცდები კიდეც), მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაკლინი სწორედ იმ რესტორანს აღწერს, მე რომ ვისადილე წუხელ. გავჩერდი „თბილისი მარიოტში“, რაც ჩემში თავიდან დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო საუკეთესო „მარიოტი“, სადაც ოდესმე გამიტარებია ღამე - თითქოს „ოქროს ხანიდან“ გადმოტანილი, სასახლესავით დიდებული მარგალიტი თბილისის ყველაზე ფეშენებელურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე, აშენებული რუსეთში მონარქიის დაისის პერიოდში. ასეთი ქარიშხლიანი ისტორიის მქონე ქალაქში ყველა შენობა თავის ისტორიას გვიყვება. გზის გაყოლებაზე მდებარე „ბილტმორი“ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე „მარიოტი“. ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი თაღიანი პორტიკის თავზე შეამჩნევთ საბჭოთა პერიოდის ფრიზებს ბედნიერ მშრომელთა გამოსახულებებით, რომლებიც პარტიის კეთილდღეობისთვის იღვწიან. მეორე დილით ვეწვიე ეროვნულ მუზეუმს, რათა თვალი გადამევლო საქართველოს რთული ისტორიისთვის. სწორედ აქ ჩამოსულან იასონი და არგონავტები ოქროს საწმისის საპოვნელად. ყოველთვის მეგონა, რომ ოქროს საწმისი ოდენ მითი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველები მას იყენებდნენ ოქროს მოსაპოვებლად. „კავკასიონის მთებიდან მოედინება ბევრი მდინარე. ამ მდინარეების წყალი კი შეიცავს უხილავ ოქროს მტვერს, - წერდა აპიანე ალექსანდრიელი ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში, - ადგილობრივები ამ მდინარეებში ავლებენ საწმისს და ასე აგროვებენ მოტივტივე ნაწილაკებს“. საქართველოს თანამედროვე ისტორია შემაძრწუნებელი მოვლენებით არის აღსავსე: პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართველი დისიდენტების ამოჟლეტა სტალინის მიერ, რომელიც, - ო, ირონია! - თავად ქართველი იყო. 1920-იან და 1940-იან წლებს შორის დახვრიტეს 70 000 ქართველი და გადაასახლეს 200 000. „ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი“ - ამ გამოფენაში ერთმანეთის გვერდით განთავსებულია დისიდენტი მხატვრების ნაშრომები და მათ წინააღმდეგ რეპრესიების ამსახველი დეტალები. შრომით ბანაკებში (საიდანაც ადამიანები აღარ ბრუნდებოდნენ) გადაყვანილი „მოღალატეების“ შვილები კი სახელმწიფოს მეურვეობაში გადადიოდნენ. „მათი იზოლირება გარდაუვალი იყო, - აცხადებდა სტალინისტი დიპლომატი ვიაჩესლავ მოლოტოვი, - ისინი ხომ ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ საჩივრების წერით“. არის თუ არა საბჭოთა რეპრესიები მხოლოდ ისტორიის წიგნების მასალა? არ მგონია. „კგბ ისევ გითვალთვალებს“, - გვამცნობს წარწერა კედელზე. მლოცველებით და ხატებით დახუნძლულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შევედი და სანთელიც დავანთე - კონკრეტულად არავისთვის. როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, საქართველო ცნობილია თავისი ეკლესიებით. თბილისის ცენტრშიც კი, სადაც ამერიკული კულტურის შემოჭრა აშკარად იგრძნობა, ეს დახვეწილი მარადიული მონუმენტები დღესაც ინარჩუნებენ მისტიკურ ელფერს. გახდება თუ არა საქართველო დასავლური სახელმწიფო, როგორც ეს მას ყოველთვის ეწადა, თუ მას პუტინი შთანთქამს? შეინარჩუნებს თუ არა თბილისი იმ სამხრეთულ მომხიბვლელობას, იმ სიმსუბუქეს, ოდესღაც ფიცროი მაკლინი - შოტლანდიელი საიდუმლო აგენტი რომ მონუსხა? სტუმრობის დროს გაკეთებული ჩანაწერების გადაკითხვისას შევნიშნე ციტატა, რომელიც, ჩემი აზრით, აჯამებს საქართველოს პოზიციას: „ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ სახელმწიფოებს? ჩვენი 2 000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და მდიდარი ბუნება. რუსეთმა შემოგვთავაზა სამხედრო მოკავშირეობა, რომელზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ისინი აღმოსავლეთისკენ მიიწევენ, ჩვენ კი მზერა დასავლეთისკენ გვაქვს“. თავიდან მეგონა, რომ ეს სიტყვები ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა წარმოთქვა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს სიტყვები მუზეუმში მქონდა წაკითხული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, ნოე ჟორდანიას ციტატა. ეს სიტყვები მან 1921 წელს წარმოთქვა - სულ რამდენიმე კვირის შემდეგ წითელი არმია თბილისში შევიდა.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
თენგიზ კიტოვანი და 90-იანების საქართველო
თენგიზ კიტოვანი 1938 წლის 9 ივნისს დაიბადა. პროფესიით ხელოვანი, იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატიც, დეპუტატიც. სახელისუფლებო მანდატით "ვერ დაკმაყოფილებული" სათავეში ჩაუდგა არაერთ ამბოხსა და გადატრიალებას, სწორედ მან და მისმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ "მხედრიონი" მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტის დამხობაში. კიტოვანი ნაციონალურ პოლიტიკაში 1990 წელს შევიდა, ამავე წელს, იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზვიად გამსახურდიასთან, რის შედეგადაც იგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახდა. თავდაპირველად გამსახურდიამ შექმნა ნაციონალური გვარდია და მის ხელმძღვანელად თენგიზ კიტოვანი დანიშნა, თუმცა სულ მალე, იგი თანამდებობიდან "გადააყენეს", რის შემდეგაც ამ ორ პიროვნებას შორის გაჩნდა დაუსრულებელი კონფლიქტი. ამ დროს კიტოვანმა არ დააყოვნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გავლენით გამსახურდია ცდილობდა შეესუსტებინა ნაციონალური გვარდია, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ჰქონია, სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მან ვერ მოახდინა ის ეფექტი, რომელსაც ელოდა. ამ დროს კიტოვანმა, თავის დაჯგუფებასთან ერთად დატოვა თბილისი და გადავიდა რკონში. გამსახურდიას ამ პერიოდში, კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას სახით დაუძინებელი მტრები გაუჩნდა, სწორედ ამ სამმა დაგეგმა პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების თეორია, რის შედეგადაც თბილისში დაიწყო ომი, გადატრიალება, ქაოსი, დაემხო ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნიდან წასვლა მოუწია. ამ დროს ჩნდება შევარდნაძე, თუმცა ვერც მას შეეგუა "სამთა კავშირი". აღსანიშნავია, რომ შევარდნაძემ ამ სამიდან ორი დააკავა, თუმცა სიგუა თავისუფლად დაიარებოდა, თანაც უმაღლესი პოლიტიკური პოსტი ეკავა. ამბობენ, რომ შევარდნაძე-სიგუას შორის კონსპირაციული თეორია არსებობდა, თუმცა ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ. თავდაპირველად, ერთი მოსაზრების მიხედვით, შევარდნაძე გეგმავდა, რომ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გაეხადა, თუმცა აფხაზეთის ომის პერიოდში, მის მიმართ გაჩნდა უნდობლობა. ამბობდნენ, რომ კიტოვანს მეორედ უნდოდა ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინა, სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მას გვერდი აუარა. 1995 წლის 13 იანვარს, კიტოვანმა, თავისი ძველი "თანამებრძოლების" მეშვეობით მოაგროვა 700 კაციანი ჯარი და გაემართა შტურმით აფხაზეთისაკენ. მათი ლოკალიზება და განიარაღება პოლიციამ დროულად შეძლო, რის შემდეგაც, შევარდნაძეს ხელში ჩაუვარდა ფანტასტიური შანსი თავიდან მოეშორებინა და დაეჭირა კიტოვანი. მას სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა იგი მალევე, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შეიწყალა. ამის შემდეგ, 2000 წლის დასაწყისიდან კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც იგი საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს ავრცელებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შესახებ, იგი მას ჰომოსექსუალობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია სწორედ მის მიერ იყო მოკლული. ამავე წელს, მან შევარდნაძე კახი ასათიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. კიტოვანი საქართველოში 2012 წელს, საკმაოდ პათეტიკური განცხადებებით დაბრუნდა. სოციალურ ქსელში მას როგორც არამზადას ისე მოიხსენიებენ, ვრცელდება ვიდეოები, სადაც რუსეთის მოქალაქეების მას ლანძღავენ და აფხაზეთის ომში ადანაშაულებენ. ისტორია და საზოგადოება მას დადებითად არ ახასიათებს ყველა იმ ჩადენილი დანაშაულის გამო, რაც მას საქართველოს და მის თითოეული მოქალაქის წინაშე მიუძღვის.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 5 months ago
ვინ არის გიორგი რურუა? კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ მტკივნეული 90იანი წლები და ე.წ. “მხედრიონის” დაჯგუფება უნდა გავიხსენოთ. სწორედ გიორგი და ნიკა რურუები განაგებდნენ იგივე ძალადობრივი ჯგუფის ყველაზე სასტიკ ნაწილს “ბოროტების საძმოს”. პრეზიდენტის აფეთქების მცდელობა, ხალხის ტერორი, სამეგრელოს ძარცვა, ძმები თორაძეების საქმე, ეს დანაშაულთა ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პირდაპირ გიორგი რურუას პიროვნებამდე მივყავართ. ის, ასევე ცნობილია, როგორც ყველაზე სასტიკ ზონდერ დაჯგუფებათა უფროსი, რომელთა უკანაც უამრავი საიდუმლოებით მოცული საქმე დგას. 2003-2012 წლებში ძმები რურუები აკონტროლობენ თითქმის ყველა შესაძლო მსხვილ ბიზნესს, რაც თავის მხრივ მაშინდელ მთავრობასთან განსაკუთრებული სიახლოვით არის გამოწვეული. სწორედ მათი ზონდერ ჯგუფების მეთაურობით ხდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა. “ძმები თორაძეები”-ში, წიგნში, რომელიც სპეციალურად თორაძეების ამბის ტრაგიკული ამბის გასაჯაროვებლად დაიწერა, გიორგი რურუა რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული. კერძოდ, წიგნის მიხედვით მის კისერზეა საკუთარ სახლში ჩაცხრილული იმედო და კახა თორაძეების სიკვდილი. მოკლული თორაძეების და თამარ თორაძე, რომელიც ამავდროულად იგივე წიგნის ავტორიცაა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “გიორგი "ჟორიკა" რურუა - უშუალო შემსრულებელი. წიგნშიც დავწერე, რომ მისი სახე არასდროს დამავიწყდებოდა. სწორედ ჟორიკა რურუამ დააცალა უიარაღო კახას ავტომატიდან მთელი "აბოიმა" და შემდეგ, პისტოლეტით 8 (!!!) საკონტროლო გასროლა მოახდინა მის უკვე უსულო სხეულზე. იცნობდეთ მკვლელებს!!!”. ის ასევე ამბობს, რომ გიორგი რურუა ხშირად “აფუჭებდა რაღაცეებს”, რისი მოგვარებაც მასთან შედარებით ძალზედ მოხერხებულ ძმას, ნიკა რურუას უწევდა. ამ ყველაფრის უკან კი დგას კაცი, რომელსაც უცნაური ძალადობრივ ხასიათთან ერთად საზოგადოებას იშვიათი აკვიატებებითაც დაამახსოვრა თავი. მაგალითად, მოულოდნელად დაჯგუფების წევრებთან ერთად მაღაზიაში შევარდნა და მაღაზიაში მყოფი ხალხისთვის თავის გადახოტვრა, ტერორი(ხასიათის მიხედვით). წლების გასვლასთან ერთად რაღაც მართლაც შეიცვალა, მათ შორის გიორგი რურუაშიც. იმ ადამიანებთაგან, რომლებმაც საკუთარი ქონება შავი სათვალეებითა და ხალხის ტერორით დააგროვეს, რამოდენიმემ ცხოვრების ახლებურ რიტმს(90იანების შემდგომს) მხარი აუბა. კერძოდ, მიიღო მცირეოდენი, მაგრამ საჭირო განათლება, ჩაანაცვლა შავი გამჭირვალე სათვალით. დღეს იგივე ადამიანები საზოგადოებას ეკრანიდან მორალს უკითხავენ. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის სასამართლოსთან წარჩინებას ელის, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსთაველის მოედანზე აღმოჩენილი იარაღი მისი არ იყო, არამედ ჩაუდეს… რომ ის დამნაშავე არ არის! ბოლოს კი ძველი ბერძენი ტრაგიკოსის, სოფოკლეს სიტყვებით დავასრულებთ: “თავისმხრივ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგრამ კარგი ადამიანი თავს იჩენს და არსებულ კურსს ცვლის. ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული კი სიამაყეა, რომელიც დამნაშავეს ყველაფრის ჩადენის შესაძლობელობას აძლევს, არსებული კურსის შეცვლის გარდა”. #გიორგი #რურუა #ნიკა #რურუა #მხედრიონი #ბოროტთასაძმო #თბილისი #90იანები #tbilisidaily #opinion
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ვინ იყო მუშთაიდი? - ლეგენდები ბაღის შემქნელის შესახებ
ლეგენდის თანახმად, მუშთაიდი, ირანელი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც ცოლად ქართველი ქალი _ ნინო ჰყავდა. მას მეუღლე სტამბოლში ტყვეთა ბაზარში უყიდია. როგორც ჩანს, თავრიზელ მირ ფერტე აღასეიდ მუშთაიდს მეუღლე იმდენად შეჰყვარებია, რომ როცა მან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უთხოვია, კაცი დასთანხმებია. თუმცა, ამ წყვილის თბილისში დასახლების შესახებ არის მეორე და ბევრად უფრო სარწმუნო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მუშთაიდი რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა და ამის გამო ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშთაიდს მდიდარ, განათლებულ, ორატორული ნიჭით დაჯილდოებულ, საკმაოდ გავლენიან ადამიანად ახასიათებდნენ. მისი ეს თვისებები მხედველობიდან არ გამოჰპარვია კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელ გენერალ ალექსანდრე პასკევიჩს. სწორად მან, რუსეთის მაშინდელი ელჩის ალექსანდრე გრიბოედოვის რჩევით, მუშთაიდი გადაიბირა და რუსეთის სამსახურში ჩააყენა. მუშთაიდმა სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის, ირანის უფლისწულის აბაზ-მირზასა და თავრიზის სარდლის ალაიარ-ხანის ქვეყნიდან გაძევება შეძლო, რითიც ხელი შეუწყო ამ მხარის რუსეთთან შეერთებას. ხოლო თურქმანჩაის ზავის შემდეგ, როცა სამხრეთ აზერბაიჯანი ირანს დაუბრუნდა, მუშთაიდს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, იქ აღარ დაედგომებოდა და იძულებული გამხდარა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. მუშთაიდმა ირანში დიდძალი ქონება დატოვა, მაგრამ ალექსანდრე პასკევიჩმა მას შესაფერისად დაუფასა გაწეული სამსახური. გენერლის შუამდგომლობით მუშთაიდს დაუნიშნეს მაღალი პენსია, დააჯილდოეს იმპერიის უმაღლესი ორდენებით, მედლებით და შირვანში 15 სოფელიც კი უბოძეს. მუშთაიდი მთელი კავკასიის შიიტების უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად დაინიშნა. რეზიდენცია თბილისში გამოუყვეს და ასევე, 50 დესეტინა მიწის ნაკვეთი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ნინო საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. კაცმა საყვარელი ცოლი სახლის წინ, ეზოში დაკრძალა და მის საფლავზე ბევრი წითელი ვარდი დარგო. მალე, ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა და როცა ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, მტკვრიდან 12-კილომეტრიანი სარწყავი არხიც გაიყვანა. გადმოცემის თანახმად, როცა ირანის შაჰმა მუშთაიდი შეიწყალა, 1845 წელს მან თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, გამგზავრებამდე ბაღი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. შემდეგ ეს ტერიტორია ქალაქის მმართველობაში გადავიდა. მთავარმართებელმა მუშთაიდის ბაღი გაადიდა და კეთილმოაწყო. ის ქალაქის ერთ-ერთ სასეირნო და მოსალხენ ადგილად გახადა. იმ დროს ბაღში მრავალი გასართობი ადგილი იყო: რესტორანი, ბუფეტი, საგამოფენო სივრცე და საზაფხულო თეატრი. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს, 1935 წელს კი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მოკლედ, ეს ადგილი ძველი თბილისის ძალიან პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა, სადაც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართველი მასპინძლები აუცილებლად გაატარებდნენ. როგორც ამბობდნენ, სწორედ მუშთაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა დე სევრი, რომლისგანაც შთაგონებულმა მხატვარმა შექმნა ტილო ,,აქტრისა მარგარიტა”, თუმცა ფიროსმანის შემოქმედების მკვლევრების აზრით, ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ბაღი სხვადასხვა დროს ხან რკინიგზელთა, ხან ორჯონიკიძის სახელობის იყო, მაგრამ საბოლოოდ დამაარსებლის სახელი დაიბრუნა და დღეს მას ყველა მუშთაიდის ბაღად მოიხსენიებს.#მუშთაიდი #თბილისი #ლეგენდა #ისტორია #tbilisidaily
Artubani
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ცეკვის სტუდია "ძველი თბილისი"
ცეკვის სტუდია ძველი თბილისი - Artubani
ცეკვის სტუდია ძველი თბილისი - Artubani
ცეკვის სტუდია ძველი თბილისი - Artubani
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ებრაილი ვაჭარი ევას ისტორია
იეთიმ გურჯის ქუჩა ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს, ახლა კი ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. სწორედ ამ ქუჩის "პავაროტში" ცხოვრობდა ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ. ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს უკვე დიდი ხანია, რაც ძველებური იერი დაუკარგავს. სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი – ებრაელი ვაჭარი ევა. მას საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა. ევასგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი ყოფილა. არავის მოატყუებდა, ყველას ენდობოდა და ტანსაცმელს ,,ნისიადაც” ატანდა. თურმე მათ ეუბნეოდა ,,ფული როცა გექნებათ მაშინ მომიტანნეთო“. დღეს ევას შთამომავლები ისრაელში ცხოვრობენ. ევასთან სავაჭროდ, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო” - პასუხობდნენ. ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა მოიცვა. რა თქმა უნდა ფრაზამ შინაარსი შეიცვალა და მასობრივი გახდა. ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო. #ევასპავაროტი #ისტორია #ძველითბილისი #ისტორია #tbilisidaily