"ევროპული საქართველო" პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139566 "ევროპული საქართველო" ერთჯერადად დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ხმის მისაცემად პარლამენტში მივა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ ისაუბრეს. „კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის დასამარცხებლად. ამავე დროს, ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა და დღეს არის დრო, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი, ვისაც რა შეგვიძლია, კორონავირუსის, ჩვენი მთავარი მტრის დამარცხებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, არღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც იცით რომ გრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. თუმცა მინდა აქვე განვმარტო, ყველამ ვიცით, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს გარკვეული შეზღუდვები, მას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მძიმე და არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა უნდა მკაფიოდ აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს - უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საგანგებოს გამოცხადებას და მივცეთ ხელისუფლებას ყველა ის ბერკეტიმ რომელიც მას სჭირდება კოონავირუსთან საბრძოლველად, “- განაცხადა დავით ბაქრაძემ. გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ფასების კონტროლთან დაკავშირებით, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს, თუმცა „ევროპული საქართველო“ მზადაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ამ ფაქტორის მიუხედავად დაუჭიროს. „პრემიერ-მინისტრმა ახსენა ფასების კონტროლი და მინდა კრიზისული ვითარებების ისტორია კიდევ ერთხელ გავახსენო ყველას. ამაში ჩარევის შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული იმიტომ, რომ პირიქით შედეგი შეიძლება გამოიღოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვიხილავს მთავრობის სტრატეგია, ეკონომიკაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დავუჭერთ ამას მხარს და შემდეგ გვექნება ისევ საქმიანი და კონკრეტული შეთავაზებები, მთავრობის მიმართ ყველა ამ სფეროსთან, განსაკუთრებით ეკონომიკასთან დაკავშირებით, “- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0