სოფლის მაშენებლები

0
რთველზე მეტად მოახლოებული არჩევნები უხარიათ ხოლმე ჩემს ქვეყანაში.არც მიკვირს... ესაა ჟამი როცა საკუთარი პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა გადაებაროს ხელისუფალთ, შემდეგი ოთხი წლით - როგორ არ გვიხაროდეს? რომ არა კორონა-საფრთხეები, სწორედ ეს იქნებოდა მთავარი სასაუბრო და გასარჩევიც. აჟიტირებული, ვნებამორეული თვალებით და ფეისბუქ - სტატუსებით დახუნძლული ინტერნეტ - სივრცე მხოლოდ ნაწილია იმ დიდი ზეიმის რასაც ყველა კუთხე- კუნჭულში წააწყდებით. დიახ, ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ლეგიტიმაცია მივცეთ ჩვენს უუნარობას, რეალობიდან გაქცევას და საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვის მაგივრად - შევაჩეჩოთ ეს ვალდებულება ვინმეს, სულერთია ვის. ისეთს, ვისაც შემდეგ მეტად მოვთხოვთ. არჩევანი სინამდვილეში ამის მიხედვით კეთდება - ვის უფრო მეტად „გავუტრ****ბთ“ რომ ჩვენი ცხოვრება ვერ ააყვავა, ვერ დაგვასაქმა, ვერ გვასწავლა სისუფთავის დაცვა, ვერ გაგვანათლა, ვერ ჩაგვაყენა სპორტულ ფორმაში. ასეთია ერის მოთხოვნა - მიენდოს და მიცეს ხმაც, უფლებებიც, გადაწყვეტილებები; მოკლედ ყველაფერი რაც მისაცემია და არ არის მისაცემი ვიღაცას, ვისაც არ დაეზარა და დარეგისტრირდა პოლიტიკურ ერთეულად თუ ორეულად. როგორ ხდება რომ ასეთი აღტკინებული, „პროცესში“ სრულიად ჩართული ელექტორატი შემდეგ უინიციატივო, ზარმაც, ცხოვრება - მობეზრებულ ადამიანებად იქცევა. სად ქრება ეს საყოველთაო ჟრიამული და ვითომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ჟინი? თუ ეს ზუსტად ისაა რაც ზემოთ მოგახსენეთ? - ჩანაცვლება, თავის გართობა, საკუთარ თავთან დადგმული სპექტაკლი, რომ შემდეგ მომდევნო არჩევნებამდე ვიწუწუნოთ, ვამთქნაროთ, ვიზმოროთ და ჩვენივე არჩეული ხელისუფალი გვყავდეს სალანძღავად. თუმცა უნდა ითქვას რომ არსებული კრიზისის მართვაში მართლაც სამართლიანად ჩაიწერა მთავრობამ ქულები და არც ეკლესიას დაუწყო გუნდრუკის ქნევა და მათი დაუდევრობების წახალისებას არ მიეცა. ეს უკვე სახელმწიფოებრივი აზროვნების მანიშნებელია.
0