ჰარი პოტერი

0
დღესდღეობით ქართული ჰორორ ისტორიების ერთ-ერთი ნაწილი, სწორედ ჰარი პოტერის სერიების ”სატანისტურ საწამლავად” და”ახალგაზრდობის გამფუჭებელ” წიგნად შერაცხვაა. საბედნიეროდ, მე როულინგის წაკითხვა თავისუფალ გარემოში, თავისუფალ სკოლაში და თავისუფლად მოაზროვნე მეგობრებთან თუ უფროსებთან მომიწია. ამიტომაც საშუალება მომეცა ჩემით განმესაჯა, რასაც ვკითხულობდი ცუდი იყო თუ კარგი. სამწუხაროდ, ჩვენი სოციუმის დიდი ნაწილი სხვა ბავშვებს არჩევანის საშუალებას ართმევს და წიგნზე სრულიად აბსურდული, უარგუმენტო, ცოტათი სასაცილო ინფორმაციის გავრცელებით, პატარებს და უმთავრესად, პატარების მშობლებს, უნერგავს ისეთ იდეას, რომელსაც ისინი ისე იჯერებენ, რომ გადამოწმებასაც არ ცდილობენ. ეს ყოველთვის ასე იყო – ადამიანს ხშირად ფიქრი ეზარება და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს გარკვეულ საკითხზე, თავის შეუწუხებლად სხვას მიენდობა. ამაზე დიდი კატასტროფა კი ისაა, რომ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, სოციალურ ქსელთან თავისუფალი წვდომა აქვთ 8-10 წლის ბავშვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ უნარი ირონია, სარკაზმი, მცდარი თუ მართალი, ერთმანეთისგან გაარჩიონ. შესაბიმისად, ქართული, უაღრესად სულელური გვერდებისგან გავრცელებულ ინფორმაციას, ისინიც მარტივად იჯერებენ და ამის შემდეგ მორჩა – მათთვის, ყველა, ვისაც “ჰარი პოტერი” უჭირავს, ხელიდან წასულია. მგონი, აჯობებს დამოუკიდებლად წავიკითხოთ წიგნი, დავუფიქრდეთ და შემდეგ ვილაპარაკოთ, მაინც როგორ რყვნის ამ თაობას, ეს უზნეო, სათვალიანი ბიჭი, სახელად -ჰარი პოტერი. აგერ უკვე მეასედ ჩავამთავრე შვიდივე წიგნი და თამამად გეტყვით, რომ რეალურად, ეს არის ისტორია სიყვარულზე, სიმამაცეზე, თავგანწირვაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სამართლიანობასა და ძალაუფლებაზე. ეს არის ისტორია, სადაც სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, ჯადოსნურ სამყაროში ერთმანეთს უპირსპირდებიან და ცდილობენ, სამყაროს მბრძანებლები გახდნენ. ამ პოსტში კი გთავაზობთ წიგნში წამოჭრილ მთავარ თემებს და მათ განხილვას (ციტატები დანომრილია გვერდების მიხედვით. ეს გვერდები ემთხვევა წიგნის ბოლოდროინდელ ტირაჟს): სიყვარულის თემა “ჰარი პოტერში” ყველაზე მთავარი ფაქტია ესაა: ჰარი პოტერი სასიკვდილო წყევლისგან დედის თავგანწირვამ იხსნა. როდესაც, მთავარი ანტაგონისტი, ლორდი ვოლდემორი, აღმოაჩენს, რომ სიკვდილზე გამარჯვების გზაზე შეიძლება, პატარა ბიჭმა, ჰარი პოტერმა შეუშალოს ხელი, მის მოკვლას გადაწყვეტს. თუმცა ბიჭი მომაკვდინებელ წყელვას გადაურჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ დედა მას გადაეფარა. დედის სიყვარულმა და თავგანწირვამ კი მის წინაშე დამცავი ფარი აღმართა, რის გამოც წყელვა ყველა დროის უძლიერეს ჯადოქარს – ლორდ ვოლდემორს მიუბრუნდა და დაასუსტა, ხოლო ბიჭს ვერაფერი ავნო – მხოლოდ შუბლზე, დაკლაკნილი ნაიარევი დაუტოვა. “დედაშენმა თავი გაწირა შენთვის. ერთადერთი, რაც ვოლდემორს არაფრით არ შეუძლია გაიგოს, ეს სიყვარულია. დედის სიყვარული ძლიერია, არ კვდება, ჰარი. ეს არც ნაიარევია და არც რაიმე თვალით ხილული ნიშანი. როცა, ამ ქვეყნიდან მიდის ადამიანი, ჩვენში სამუდამოდ ტოვებს თავის სიყვარულს, რომელიც გვიცავს…” -ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”(გვ230) ზოგადად წიგნში სიყვარულის თემა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰარი მშობლების მიერ დატოვებულმა ფარმა სიკვდილისგან არაერთხელ იხსნა. სიყვარულის სიძლიერეს განუმეორებელი ალბუს დამბლდორი უამრავჯერ აღნიშნავს და თვითონ სიყვარულს, ყველა ჯადოქრობაზე უფრო ძლიერ, სიკვდილის დამმამარცხებელ ძალად მოიხსენიებს: “აქ ინახება ძალა, ერთდროულად უფრო საოცარი და უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილია, ვიდრე ადამიანის გონებაა, ვიდრე ბუნების ძალაა… ამ იდუმალი და საოცარი ძალის სახელი სიყვარულია.” -ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი”(გვ 717) ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ სევერუს სნეიპის ამბავი – მან ჰარის დედის, ლილის, სიყვარულის გამო დამბლდორისთვის ჯაშუშობა დაიწყო. ის ყოველდღე თავს საფრთხეში იგდებდა, მაგრამ ამას არ უფრთხოდა, რადგან ბავშვობის სიყვარული არასდროს განელებია. მისმა მოტანილმა ინფორმაციამ, არაერთხელ იხსნა ადამიანები სიკვდილისგან."It is the unknown we fear when we look upon death and darkness, nothing more." ბოლოს კი არ შემიძლია, დამბლდორის რჩევა არ გადმოვიტანო და არ აღვნიშნო ყველაფრის მიუხედავად, როგორ მოუწოდებს ალბუსი ჰარის, მიუტევოს და შეიცოდოს, მისი მშობლების, მეგობრების და საყვარელი ადამიანების მკვლელი – ლორდი ვოლდემორი: “მკვდრები ნუ გეცოდება, ჰარი. ცოცხლები შეიცოდე, ყველაზე მეტად კი ისინი, ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს” -ალბუს დამბლდორი, “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” (გვ 535)
#harrypotter
#loveofmylife
#childhood
#favbook
0