ადამიანი მგელია თუ ცხვარი?

0
ერთნი ადამიანებს ცხვრებად მიიჩნევენ, მეორენი კი ხარბ მგლებად. თავიანთი თვალსაზრისის სასარგებლოდ ორივე მხარეს შეუძლია არგუმენტების მოტანა. მას, ვინც ადამიანებს ცხვრებად მიიჩნევს, შეუძლია მიუთითოს თუნდაც იმაზე, რომ ადამიანები იოლად ასრულებენ სხვა ადამიანთა ბრძანებებს, თვით თავის საზიანოდაც კი. მას შეუძლია დაუმატოს აგრეთვე, რომ ადამიანები ისევ და ისევ მიჰყვებიან თავიანთ ბელადებს იმ საქმეში, რომელიც მათ არაფერს აძლევს, გარდა ნგრევისა, მათ სჯერათ ყოველგვარი უაზრობის, თუკი იგი გადმოიცემა სათანადო დაჟინებითა და განმტკიცებულია ხელისუფალთა ავტორიტეტით – მღვდელთა და მეფეთა პირდაპირი მუქარიდან, მეტნაკლებად უჩინარ მაცდურთა შემპარავ ხმებამდე. გეგონება, რომ ადამიანთა უმრავლესობა, მთვლემარე ბავშვის მსგავსად, ადვილად ემორჩილება ჩაგონებას და მზადაა უნებისყოფოდ მიჰყვეს ყველას, ვინც მას ემუქრება თუ ეპირფერება და საკმაოდ ჯიუტად არწმუნებს მათ. მტკიცე მრწამსის ადამიანი, ბრბოს ზეგავლენის უგულვებელმყოფელი, გამონაკლისია. იგი ხშირად იწვევს მომდევნო თაობათა აღტაცებას, მაგრამ, როგორც წესი, წარმოადგენს ქვეყნის სასაცილოს მის თანამედროვეთა თვალში. დიდი ინკვიზიტორები და დიქტატორები თავისი ძალაუფლების სისტემას აფუძნებდნენ შეხედულებაზე, რომ ადამიანები ცხვრებია. სწორედ, შეხედულება, რომლის თანახმადაც ადამიანები ცხვრებია და ამიტომაც, საჭიროებენ წინამძღოლებს, მათ ნაცვლად გადაწყვეტილების მიმღებთ, ხშირად ანიჭებდნენ თვით წინამძღოლებს მტკიცე რწმენას, რომ ისინი ასრულებენ სავსებით მორალურ, თუმცა, ზოგჯერ ფრიად ტრაგიკულ მოვალეობას: კისრულობდნენ ხელმძღვანელობას, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ტვირთს ჩამოხსნიდნენ სხვებს და ადამიანებს აძლევდნენ იმას, რაც მათ სურდათ. მაგრამ, თუკი ადამიანთა უმრავლესობა ცხვარია, მაშინ რატომ ეწევიან ისინი იმგვარ ცხოვრებას, რომელიც სავსებით საწინააღმდეგოა? კაცობრიობის ისტორია სისხლითაა დაწერილი. ესაა შეუწყვეტელი ძალადობის ისტორია, ვინაიდან ადამიანები თითქმის ყოველთვის იმორჩილებდნენ თავის მსგავსს ძალის მეშვეობით. განა თალაათ-ფაშამ თვითონ მოკლა მილიონი სომეხი? განა, ჰიტლერმა თვითონ დახოცა მილიონობით ებრაელი? განა, სტალინმა თვითონ გაანადგურა მილიონობით თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე? არა, ეს ადამიანები მარტონი არ იყვნენ. მათ განკარგულებაში იმყოფებოდა ათასობით სხვა ადამიანი, რომლებიც ხოცავდნენ და აწამებდნენ და ამას სჩადიოდნენ არა უბრალო სურვილით, არამედ სიამოვნებითაც კი. განა, ჩვენ ყველგან არ ვაწყდებით ადამიანის არაადამიანურობას – ომის შეუბრალებლად წარმოების, მკვლელობისა და ძალადობის შემთხვევაში, ძლიერთა მიერ სუსტების მოურიდებელი ექსპლოატაციის დროს? მაგრამ, გაწამებულთა და ჩაგრულ არსებათა კვნესა ხშირად ეჯახება სმენადაკარგულ ყურებსა და გამძვინვარებულ გულს! ყოველივე აქედან, ისეთმა მოაზროვნემ, როგორიც ჰობსია, გამოიტანა დასკვნა: „homo nomini lupus est“, – „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“. დღეს, ბევრი ჩვენგანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი დაბადებიდანვე წარმოადგენს ბოროტ და დესტრუქციულ არსებას, რომ იგი გვაგონებს მკვლელს, რომელსაც საყვარელ საქმიანობაზე შეიძლება ხელი ააღებინოს მხოლოდ უფრო ძლიერი მკვლელისადმი შიშმა. და მაინც, ვერც ერთი მხარის არგუმენტები ვერ გვარწმუნებენ. მართალია, ჩვენ პირადად გვინახავს პოტენციური თუ აშკარა მკვლელები და სადისტები, რომელთაც თავიანთი ურცხვობით შეეძლოთ გატოლებოდნენ კიდეც სტალინსა თუ ჰიტლერს, მაგრამ ესენი მაინც გამონაკლისები იყვნენ. ნუთუ, ჩვენ მართლა უნდა მივიჩნიოთ, რომ თვით ჩვენ და ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ ცხვრის ტყავში გახვეული მგელია, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება თითქოსდა გამომჟღავნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკუვაგდებთ შეკავების ფაქტორებს, რომელიც ხელს გვიშლიდა აქამდე დავმსგავსებოდით მხეცს? თუმცა, ძნელია ამაში შედავება, მაგრამ აზრთა ასეთი მდინარება არ შეიძლება სავსებით დამაჯარებლად იქნეს აღიარებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში არის შესაძლებლობა სისასტიკისა და სადიზმის გამოვლენის, თანაც, ხშირად მათი რეალიზება შეიძლება სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. მიუხედავად ამისა, მრავალი ამას არ სჩადის და პირიქით, ზიზღით რეაგირებს, როცა ამგვარ მოვლენებს შეეჯახება.
0