ალბათ ყველა ხშირად ვყოფილვართ ისეთ განწყობაზე, რომ რაიმე მსუბუქი და მხიარული ფილმის ნახვა გვდომებია. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, რომანტიკული კომედის ყურებაა. მოდით განვიხილოთ ამ ჟანრის 10 გამორჩეული ფილმი.
როცა ჰარი შეხვდა სალის… - When Harry Met Sally...
ნორა ეფრონის ფილმი "როცა ჰარი შეხვდა სალის...", ერთ-ერთი კლასიკური რომანტიკული კომედიაა. ფილმი 1989 წელს გამოვიდა და მასში ყველასთვის საყვარელი მსახიობები მეგ რაიანი და ბილი კრისტალი მონაწილეობენ.
სიუჟეტი ვითარდება ჰარისა და სალის გარშემო, ისინი პირველად ერთმანეთს ჩიკაგოში ხვდებიან. შემდეგ კი მივყვებით მათ 12 წლიან ურთიერთობას, რომლის განმავლობაშიც წყვილს ბედისწერა ხშირად ახვედრებს ერთმანეთს. ფილმის ყურებისას ჩნდება მთავარი კითხვა - შესაძლებელია თუ არა კაცსა და ქალს შორის მხოლოდ მეგობრობული ურთიერთობა?
ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი - 10 Things I Hate About You
“ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი” 1999 წლის გახმაურებული ფილმია, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ფილმი ორიგინალური რომანტიზმითა და იუმორითაა გაჯერებული, შესაბამისად ტოპ ათეულში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს. რა თქმა უნდა, ჰით ლეჯერისა და ჯულია სტაილსის მონაწილეობამაც დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერზე.
ფილმის სცენარი შექსპირის “ჭირვეულის მორჯულების” მოდერნიზებული ვერსიაა. სტერეოტიპული თინეიჯერული სასიყვარულო ისტორია, 90-იანი წლების არაჩვეულებრივი საუნდტრეკითა და ჰით ლეჯერის მუსიკალური პერფორმანსით ნამდვილად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
ნოთინგ ჰილი - Notting Hill
ყველასთვის საყვარელი “ნოთინგ ჰილის” სცენარის ავტორი რომანტიკული კომედიების ოსტატი რიჩარდ კურტისია. ფილმი 1999 გამოვიდა და საკმაოდ დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მთავარ როლებს ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი.
ფილმი უილ ტაკერისა და ანა სკოტის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ანა ცნობილი კინოვარსკვლავია, უილი კი ერთი ჩვეულებრივი ლონდონელი, რომლის პატარა წიგნის მაღაზიის კარსაც ერთ დღესაც ანა სკოტი შეაღებს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად წყვილს ურთიერთობაში პრობლემები ექმნებათ რადიკალურად განსხვავებული ცროვრების სტილის გამო.
როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში - How to Lose a Guy in 10 Days
“როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში” 2003 წლის რომანტიკული კომედიაა ქეით ჰადსონისა და მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით. ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების კომიქსების წიგნზე.
სიუჟეტი ვითარდება ენდი ანდერსონისა და ბენ ბერის გარშემო. ენდი ჟურნალისტია, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და მუშაობას იწყებს სტატიაზე “როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში”. ბენის მისია კი განსხვავებულია. მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეკლამო კამპანიაში ჩართვა სურს, სწორედ ამიტომ ნიძლავს დებს თავის უფროსთან, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები მათი შეხვედრის შემდეგ.
13-დან 30-ში - 13 Going on 30
ფილმი “13-დან 30-ში” 2004 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ვითარდება 13 წლის ჯენას გარშემო, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე თავს დამცირებულად გრძნობს და მისი ერთადერთი სურვილი 30 წლის წარმატებულ ქალად ყოფნაა. გოგონას სურვილი უსრულდება, ახლად გაღვიძებული აღმოაჩენს, რომ მანჰეტენზე ცხოვრობს და არც მეტი, არც ნაკლები, საკმაოდ ცნობილი ჟურნალის რედაქტორია. ჯენა გაიგებს, რომ ბავშვობის საუკეთესო მეგობარ მეტთან კონტაქტი აღარ აქვს და დაშვებულ შეცდომებთან შეგუება უწევს. მას სურს, რომ გახდეს ის ადამიანი, რომლითაც 13 წლის ჯენა იამაყებდა.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ გარნერი, მარკ რაფალო და ჯუდი გრირი.
ცხოვრება, ისეთი, როგორც სინამდვილეში - Life as We Know It
“ცხოვრება, ისეთი, როგორც სინამდვილეში” 2010 წლის გახმაურებული ფილმია კეტრინ ჰაიგლისა და ჯოშ დუმელის მონაწილეობით. კეტრინ ჰაიგლის ფილმოგრაფიას თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ მისთვის რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობა უცხო ნამდვილად არ არის.
სიუჟეტი ვითარდება ჰოლისა და ერიკის გარშემო, რომლებსაც საერთო მეგობრები პიტერი და ელისონი პაემანს მოუწყობენ. წყვილის შეხვედრა წარუმატებლად ჩაივლის, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ელისონი და პიტერი ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, აღმოჩნდება, რომ მათ საკუთარი შვილის მეურვეებად ჰოლი და ერიკი შეარჩიეს. ბავშვის ერთად აღზრდა კი მთავარი პერსონაჟების ურთიერთობასა და ცხოვრების წესს სრულიად თავდაყირა დააყენებს.
ფილმში საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული კომედიური და რომანტიკული ჟანრის ელემენტები, აქედან გამომდინარე, კარგ განწყობაზე დასაყენელად ნამდვილად ღირს მისი ყურება.
თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ - Just Go With It
რომანტიკულ კომედიებზე საუბრისას შეუძლებელია, რომ ჯენიფერ ენისტონის ერთ-ერთი ფილმი მაინც არ გავიხსენოთ. განსაკუთრებით ის ფილმი, სადაც მასთან ერთად მონაწილეობას ისეთი ცნობილი ვარსკვლავები იღებენ, როგორებიც ადამ სენდლერი და ნიკოლ კიდმანი არიან.
“თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ” 2011 წელს გამოვიდა. ფილმის მთავარი პერსონაჟი პლასტიკური ქირურგი დენია, რომელიც ურთიერთობას ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელ პალმერთან გააბამს. სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად ის საკუთარ ასისტენტ კეტრინს სთხოვს, რომ პალმერს თავი მის ყოფილ მეუღლედ მოაჩვენოს. მოვლენები იქამდე მიდის, რომ ამ ყველაფერში კეტრინის შვილებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველანი ერთად ჰავაიზე აღმოჩნდებიან.
იმედის სხივთა კრებული - Silver Linings Playbook
“იმედის სცხივთა კრებული” ნამდვილად იმსახურებს ამ ათეულში მოხვედრას. ფილმი შავი იუმორით, შესანიშნავი მუსიკითა და მსახიობთა ვარსკვლავური ანსამბლით გამოირჩევა.
მთავარ პერსონაჟ პეტ სოლიტანოს, ბიპოლარული აშლილობა აქვს. ის მკურნალობის შემდეგ მშობლებთან საცხოვრებლად გადადის და მიუხედავად იმისა, რომ სასამათლომ ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი აუკრძალა, პეტი დანებებას არ აპირებს.
ერთ დღესაც, მეუღლის დაბრუნების მცდელობისას ის ტიფანი მაქსველს გაიცნობს და მოვლენების განვითარებაც სწორედ აქედან იწყება.
ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან - ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო და ჯეკი იუვერი. ჯენიფერ ლოურენსმა ტიფანი მაქსველის როლის შესრულებისთვის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა.
სიყვარულით, საიმონი - Love, Simon
2018 წლის გახმაურებული ფილმი “სიყვარულით, საიმონი” დაფუძნებულია ბეკი ალბერტალის ბესტსელერ წიგნზე - “Simon vs. the Homo Sapiens Agenda”.
მთავარი პერსონაჟი 17 წლის საიმონ სპიერია, რომელიც ერთ დიდ საიდუმლოს ინახავს - ის გეია. ფილმის განმავლობაში საიმონი ცდილობს ურთიერთობები დააბალანსოს საკუთარ ოჯახთან, მეგობრებთან და თანაკლასელ მარტინთან, რომელიც მის საიდუმლოს შემთხვევით გაიგებს და სკოლაში გავრცელებით ემუქრება. ამ ყველაფერთან ერთად, საიმონი ცდილობს გაარკვიოს ანონიმური თანაკლასელი Blue-ს ვინაობა, რომლის მიმართაც ონლაინ მიმოწერისას გრძნობები გაუჩნდა.
“სიყვარულით, საიმონი” ძალიან სასიამოვნო საყურებელი ფილმია, რომელიც ბევრ მნიშველოვან თემაზე დაგაფიქრებთ. ამასთანავე, გამოირჩევა კარგი საუნდტრეკითა და ისეთი მსახიობებით, როგორებიც არიან - ნიკ რობინსონი, ჯენიფერ გარნერი, ჯოშ დუმელი, კეტრინ ლენგფორდი და სხვა.
არანორმალურად მდიდარი აზიელები - Crazy Rich Asians
“არანორმალურად მდიდარი აზიელები” 2013 წლის ნოველაზე დაფუძნებული რომანტიკული კომედიაა. ფილმმა კომერციულად საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და კრიტიკოსებისგან არაჩვეულებრივი შეფასებებიც დაიმსახურა.
“არანორმალურად მდიდარი აზიელები” 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკული ფილმია, რომელშიც სრული შემადგენლობით აზიელი მსახიობები მონაწილეობენ.
სიუჟეტი ვითარდება პროფესორი რეიჩელ ჩუს გარშემო, რომელიც შეყვარებულ ნიკს ქორწილსში, სინგაპურში მიჰყვება. ის აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახიდანაა და ყველანაირი ხერხით ეცდება, რომ ნიკის მკაცრ დედას თავი მოაწონოს.
ფილმში მთავარ როლებს კონსტანს ვუ და ჰენრი გოლდინგი ასრულებენ.