მთვარის მეორე ფაზა მერვე დღე🌗გრიგორიანული კალენდარის 28-ე დღე. წლის დასრულებამდე დარჩა 337-ი დღე.
როგორი ადამიანები დაიბადნენ 28 იანვარს:
28 იანვარს მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ისინი პატივმოყვარე, მიზანსწრაფული და ჯიუტი პიროვნებები არიან, ყოველთვის აქვთ საკუთარი მოსაზრება, იცავენ მას, მაგრამ სხვისი აზრი არ აინტერესებთ. გარშემომყოფ ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან საკუთარი სარგებლის ძიებაში სხვები ავიწყდებათ.
28 იანვარს დაბადებულების დიდი საქმეების გაკეთების უნარი შესწევთ. ჩანაფიქრის ასასრულებლად მათთვის აუცილებელია ნების სიმტკიცეცა და ფიზიკური ძალაც.
ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, რეალურად უყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ეს გარედან ზედმეტ თავდაჯერებულობადა და წინდაუხედაობად აღიქმება.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელის ხსენებას.
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
პავლე თებაიდელის ხსენებას.
დღის საკითხავი:
არ გეგონოს, შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი, და ვანიჩკათი იწყებოდეს! შენ იმ ხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია-პალესტინა-ფინიკიას… ხმელთაშვა ზღვის მთელ აუზს…
ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლად, ვერცხლი, ოქრო… ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო…
ქართველთაგან გაიცნო მსოფლიომ ცხენი და საომარი ეტლი…
მსოფლიო მეცნიერების აღიარებით - არ არსებობს მეორე ენა - ქართულივით მდიდარი. არ არსებობს ანბანი - ქართული ანბანივით სრულყოფილი. არავისთვის ისე სისხლხორცეული არაა სჯული ქრისტესი, ვითარცა ქართველებისთვის.
ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეროვნული გახადეს. ბრძოლა საქართველოსთვის - იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, თავგანწირვა ქრისტიანობისთვის - თავგანწირვა საქართველოსთვის!
ქართველი იყო წმინდა გიორგი კაბადოკიელი, ქართველი იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი)… ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი…
საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა… დედამიწის ზურგზე არცერთ ერს თავის ქვეყანაში (მით უმეტეს თავისი ქვეყნის გარეთ) იმდენი ტაძარი არა აქვს, რამდენიც ქართველთ. ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან.
ქართული ქრისტიანობა მხედრული ქრისტიანობაა, წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბევრი იყო სექტა… და არის… ამ ახალი მოდის სექტებში ჩაბმა ყველას მიეტევება, ქართველის გარდა. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი.
ენაა ქართული, ოჯახი ქართული, წინაპართა საფლავებია, აკვნებია ნაშიერთა, და ის ქართველი, ვინც ეჭვს შეიტანს ჩვენს ამ მამაპაპისეულ სარწმუნოებაში, ვინც დაუპირისპირდება მას, ვინც კრიტიკულად განეწყობა მისდამი, იგი, (თვითონ შესაძლოა, არც იცის, ისე) უარს ამბობს საკუთარ მამაზე, საკუთარ შვილზე… ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე, ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგოც ასეთი! და განა ქრისტე ამას გვიქადაგებს?…
ქრისტიანობა არაა მატერიალური რელიგია, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, ქრისტიანობა ღრმადფილოსოფიური რელიგიაა, მისი ჩაწვდომა დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას და სულიწმინდით აღვსებას საჭიროებს.
ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით გაწმინდა, მეორედ განწმენდს ცეცხლით! მეორედ მოსვლა იქნება მართლა სამოთხეში დაბრუნება!
ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!"
მუხრან მაჭავარიანი
მშვიდობიან უქმეებს გისურვებთ♥️🌟💐