28 ნოემბერი

11
მთვარის მეოთხე ფაზა 🌘 მთვარის 25 დღე.
28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.
ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.
ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.
საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.
28 ნოემბერს დაიბადა ალექსანდრე ბლოკი:
თეთრი ბინდი. დანაცრული
ბუხარი.                              
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.
ბედისწერა მიაქანებს იალქნებს,
კვნესის წერო და დაღლილ
ფრთებს მიაქნევს.
ჩამქრალი მზე ახლა უფრო შორს
არი.                                                  მე ვარ, გულო ღამეულო, მგოსანი.
და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ, თავი რომელ ნიღაბს
გინდა მიანდო?
ხედავ, როგორ მიცურავენ
ლანდები,                      
ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით,
მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერიდა მოწყდება ხელს
ყვავილი ცისფერი…    
ალექსანდრე ბლოკი
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს გური სამონ და აბიბოს ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო. წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც კი არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყრმები ჯალათთაგან და სახმილსა შინა უვნებლად დაიცევ, შენ აწცა, უფალო, უწყი უძლურება ბუნებისა ჩვენისა. მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცევ შორის ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“. ღამით მოწამეები ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (+299-306). ქრისტიანებმა მათი წმიდა ნეშტი პატივით დაკრძალეს.        
გაბრიელ გარსია მარკესი : 
“ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა, თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.”  
დღის ნამცხვარი: 
  • ფქვილი - 270 გ 
  • შაქარი - 1 ჭიქა 
  • კვერცხი - 3 
  • დარბილებული კარაქი - 100 გ 
  • ვანილი 
  • არაჟანი - 200 გ 
  • ბანანი - 3
მოამზადეთ  ფხვიერი ცომი.  შეურიეთ 1/2 ჭიქა შაქარი და ფქვილი, დაამატეთ კარაქი და კარგად ასრისეთ ხელით. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულები და ხელახლა კარგად შეურიეთ. მიღებული ცომი შეფუთეთ ცელოფანში და მაცივარში გააჩერეთ 30 წუთი.  ბანანი დაჭერით და მოაფრქვიეთ ვანილიანი შაქარი.  ცომი გააბრტელეთ და ჩადეთ ტარტის ფორმაში, გაანაწილეთ ბანანი და მოასხით არაჟანი. არაჟანი უნდა იყოს სქელი და მომჟავო გემოს გარეშე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა შაქარიც. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. სანამ ცხვება, დარჩენილი ცილისგან და შაქრისგან მოამზადეთ ბეზე.  ბეზე უნდა იყოს პრიალა და მდგრადი. გაანაწილეთ ნამცხვარზე ზემოდან და შეაბრუნეთ ღუმელში 5-7 წუთი.
გემრიელად მიირთვით , ბედნიერი კვირა დღე .
11