სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეები თითო სასაზღვრო პუნქტით ისარგებლებენ

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტთა ნაკადების მართვის თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას, ასევე სახმელეთო საზღვრებზე შემოსულ პირთა საკარანტინო ზონებში გადამისამართების საკითხს. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს - საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ, ხოლო სატვირთო მოძრაობა დასაშვები იქნება შეუფერხებლად, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, შეუფერხებლად იმოძრავებს ტვირთები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებს გამოაგზავნის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#politics
#headline
0