3 აჭარული კერძი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში უნდა გასინჯოთ

0
3 აჭარული კერძი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში უნდა გასინჯოთ. ბათუმთან ერთად, მაღალმთიანი აჭარაც სულ უფროდაუფრო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად ყალიბდება. პოპულარული ხდება გასტრონომიული ტურიზმიც - აჭარა, საქართველოს დანარჩენი რეგიონების მსგავსად, გამოირჩევა ადგილობრივი სამზარეულოთი. რეგიონი რომ აჭარული ხაჭაპურითაა ცნობილი, ადგილობრივებმაც და უცხოელებმაც კარგად იციან. ამიტომ, აჭარული ხაჭაპური შეგნებულად გამოვტოვეთ და სამ კერძს გთავაზობთ, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სტუმრობისას უნდა გასინჯოთ. 1. სინორი ერთგვარი "აჭარული ლაზანია", სინორი, ძალიან ნოყიერი კერძია. სინორი არის ბებოს ლავაშში ადუღებული ნადუღი, კარაქი და ნიორი. საკმაოდ ცხიმიანი, მაგრამ გემრიელი და მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი საჭმელია. გემოვნებისამებრ, ზემოდან ყველსაც ახეხავენ. 2. ბორანო ამ კერძის მომზადების წესს საქართველოში არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ანუ, უკვე კულტურული ძეგლის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ეს კერძი საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ბორანო წარმოადგენს იაღში ჩალბობილ ყველს. სინორის მსგავსად, ბორანოც მაღალკალორიულია. ეს დაკავშირებულია აჭარლების ცხოვრების წესთან, მუდმივად შრომაში მყოფ მოსახლეობას ისეთი საკვები სჭირდებოდა, რომელიც მათ აუცილებელი კალორიებით მოამარაგებდა. ამიტომაც ბორანოს მსგავსად, ტრადიციული აჭარული კერძები საკმაოდ ცხიმიანია. 3. კაიმაღი კაიმაღი აჭარის გარდა, ბალკანეთშიც და ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზეცაა გავრცელებული. ეს არის არაჟნის მსგავსი, მაგრამ ბევრად უფრო ცხიმიანი კერძი და ის ნაღებისგან კეთდება. კალორიული საკვები ახალმომზადებულად უნდა მიირთვათ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ კაიმაღი მაგრდება და კარაქს ემსგავსება. კაიმაღის ცომში, კარტოფილთან, ან სხვა პროდუქტებთან არევით ჭამა აჭარაში გავრცელებულია, ყველა კომბინაციას საკუთარი, განსაკუთრებული გემო აქვს. მართალია, სამივე კერძი შეიძლება უფრო ცხიმიანი იყოს, ვიდრე მიჩვეულები ვართ, მაგრამ აჭარის მთების ჰავასთან ერთად, მცირეოდენი გასტრონომიული მრავალფეროვნება მხოლოდ სიამოვნებას მოგიტანთ.
#აჭარა
#ზემოაჭარა
#კერძები
#სინორი
#ბორანო
#კაიმაღი
#ტურიზმი
#batumidaily
0