რუსეთის ჯარს "ნაწილობრივი წარმატება" აქვთ სევეროდონეცკში, მაგრამ არა ლისიჩანსკში-გენერალური შტაბი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების კონცენტრაციას დონეცკის რეგიონში სევეროდონეცკის მხარეში, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 3 ივნისს.
"დონეცკის მიმართულებით, მტერი თავისის ძირითადი ძალების თავშეყრას ახდენდა ქალაქ ქალაქ სევეროდონეცკის რაიონში. საარტილერიო ცეცხლის საფარქვეშ მათ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის საცხოვრებელ ადგილებში შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს. მას აქვს ნაწილობრივი წარმატება, მაგრამ აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუზიანიკის განცხადებით, 3 ივნისის დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარები უკუაგდეს სევეროდონეცკის მიდამოებში მდებარე ორი დასახლებული პუნქტიდან - სლატინოდან და დემენტიევკადან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს.
3 ივნისს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეასე დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზანს - კიევის და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების დაპყრობას.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ახლახან პირველად დაემატა სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31882411.html
Source: radiotavisupleba.ge