თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღება.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის#5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.
მისივე თქმით, ბიზნესის მხრიდან არის მზაობა, განახორციელონ საქველმოქმედო ღონისძიებები. კალაძე დასძენს, რომ ამ მიზნით მომართვიანობა ძალიან მაღალია.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მარტოხელა მოხუცებზე, რომლებსაც სახლში დარჩენისა და ახლობლების მზრუნველობის ფუფუნება არ გააჩნიათ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში არის ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომელთაც შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირდეთ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი საპილოტე პროექტი გამოგვივიდა, როდესაც მოქალაქეებმა შეაგროვეს ამანათების გარკვეული რაოდენობა და ჩვენ ჩვენი დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით, უსაფრთხოების სრული დაცვით, მივუტანეთ 600 ოჯახს.
თუმცა ჩვენ აქედან გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანეთ: აუცილებელია, კონცენტრირება გავაკეთოთ მარტოხელა ხანდაზმულებზე, რომლებიც ათასობითაა თბილისში, ” - განაცხადა ილია ელოშვილმა.
#კახაკალაძე
#ქველმოქმედება
#ბიზნესკომპანია
#ხანდაზმულები
#კორონავირუსი
#tbilisidaily