პაქსაძე მაუწყებელში ზეწოლას მთავრობის ნაცვლად ოპოზიციას აბრალებს
Batumi Daily
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ადმინისტრაცია ზეწოლაზე საუბრობს და საგანგებო განცხადებასაც აქვეყნებს. საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე ზეწოლას არა მთავრობას, არამედ ოპოზიციას აბრალებს. ადრე, არაერთმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ზუსტად ცენზურასა და სიტყვის თავისულების დევნაზე ისაუბრა პროსახელისუფლებო ჯგუფებისა და კონკრეტულად, გიორგი კოხრეიძის მხრიდან. თუმცა პაქსაძე ოპოზიციაზე საუბრობს და ადმინისტრაციის სახელით განცხადებას აქვეყნებს. გთავაზობთ მის განცხადებას.
"ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა რომ არ წარმოადგენენ პარტიის რიგით წევრებს, ამაზე მეტყველებს საჯარო სივრცეში არსებული, მათთან დაკავშირებული მრავალი მასალა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, ფოტოს - ალექსანდრე მილორავა და გივი თარგამაძე. შემდეგ ფოტოს - ალექსანდრე მილორავა დავით საყვარელიძესთან ერთად. მოგეხსენებათ, ეს ორივე ადამიანი არის ყოფილი, პარტიის აქტიური წევრები. მათთან კავშირი და ასეთი აქტიური ურთიერთობა ნიშნავს, რომ ისინი არ არიან პარტიის რიგითი წევრები.
ბუნებრივია, მაუწყებელი ერთნაირად ცემს პატივს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს. სრულად განახორციელებს თავის კანონიერ ვალდებულებას ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ, თუმცა ასევე აქვე შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი პირდაპირ უკრძალავს მესამე პირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, რაიმე სახის ზემოქმედებას მაუწყებლის თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე.
კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან. მაუწყებელზე ზემოქმედება დაუშვებელია, ხოლო ზემოქმედების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც და ყოველთვის მზადაა შეხვდეს დაინტერესებულ პირებს, კითხვების შემთხვევაში წარვუდგენთ მათ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი განმარტება არ ეხება კონკრეტულად ''ევროპულ საქართველოს'', ეხება ნებისმიერ პარტიას, როგორც სახელისუფლებოს, ასევე არასახელისუფლებოს. ვთხოვთ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება ჰქონდეს".
პაქსაძე ასევე მიმართავს სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან პოლიტიკური ძალების "ორკესტრირებული შეტევისგან". ცნობისთვის, ორგანიზაციების დიდი ნაწილი და სახალხო დამცველი არაერთხელ საუბრობდნენ აჭარის ტელევიზიაში ზეწოლაზე - ოღონდ არა "ევროპული საქართველოს" ან სხვა ოპოზიციური ჯგუფების, არამედ მთავრობის მხრიდან.
უკვე თითქმის ორი კვირაა, მაუწყებლის წინ მოქალაქე ალექსანდრე მილორავა შიმშილობს და კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.
კოხრეიძე მაუწყებელი ცენზურა ბათუმი
batumidaily