როდის მოიხსნება აჭარაში შეზღუდვები
Tbilisi Daily
ვიდრე გარკვეულად ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა, აჭარაში შემზღუდველი ღონისძიებები ძალაში რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შეზღუდვების მოხსნამდე, შემთხვევათა შემცირებული რაოდენობა 1 კვირით მაინც უნდა დაფიქსირდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვიდრე გარკვეულად ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. იცით, რომ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები ათი საათის შემდეგ იკეთება და ა.შ. ვიდრე გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია, არ გვექნება სტაბილურად რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი კვირა მაინც შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა, მანამდე არ არის რეკომენდებული შემზღუდველი ღონსძიებების მოხსნა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.