ოჩამჩირელმა შშმ პირმა ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ნეიტრალური პირადობის მოწმობის მფლობელმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სასამართლო დავა მოიგო. ოჩამჩირელმა ეტლით მოსარგებლე კაცმა შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წელს მიმართა. მის ინტერესს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავდა.
კაცი დროებით, მკურნალობის მიზნით, თბილისში ყოველგვარი შემოსავლისა და საცხოვრისის გარეშე ცხოვრობს. იგი სამი წლის განმავლობაში ელოდა დავის დასრულებას, კაცს ფინანსურად საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციები ეხმარებიან.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა შშმ პირის მოთხოვნა და მიუთითა, რომ რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ იყო, აღნიშნული სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" სასამართლოში გაასაჩივრა.
"ჩვენი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი მფარველობა, ინტეგრირება და მხარდაჭერა გამოხატავს ქვეყნის გაცხადებულ დეოკუპაციის პოლიტიკას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნები და ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ სათანადოდ გააზრებული და დაცული არ იყო", - ამბობენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
პირველი ინსტანციის მსგავსად, 2023 წლის 22 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ ცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს პრაქტიკა - სააგენტო პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატურ სოციალურ მხარდაჭერას არ აძლევდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქმე პრეცედენტულია და ამით სააპელაციო სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები საქართველოს მოქალაქეებს გაუთანაბრა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ სოციალურ შეღავათებს ანიჭებს. ესენია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, მეწარმე სუბიექტად და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშის გახსნა, ასევე სახელმწიფო გრანტის მიღების უფლება, თუმცა მათზე არ ავრცელებს ისეთ საბაზისო სოციალურ გარანტიებსა და პროგრამებს, როგორებიცაა პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრში" აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ პროცესზევე განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ცენტრი მოუწოდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კრიტიკულ შემთხვევაში მაინც თავი შეიკავოს დავის ხელოვნურად გაჭიანურებისგან და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რადგან სასამართლოდან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებიათ, ვერ უპასუხებენ, რა მსვლელობა მიეცემა საქმეს.
"რომ ჩაგვბარდება ოფიციალურად, მერე გადავწყვეტთ, რა მსვლელობა მიენიჭება საქმეს. იურიდიულად მერე გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს", - განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32289624.html
Source: radiotavisupleba.ge