ცხოვრება სიღატაკეში
Tbilisi Daily
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 11.6 % საარსებო შემწეობის მიმღებია. უფრო გასაგები რომ იყოს, 432 ათას 218 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება - ანუ, ღატაკია. აჭარაში, ქობულეთში მცხოვრები ევგენიძეების ოჯახის მაგალითი კარგად წარმოაჩენს
იმას, რომ სოციალური დახმარებები არასწორად ინიშნება და საარსებო შემწეობა გაცილებით მეტ ადამიანს ეკუთვნის.
სიცოცხლისათვის საფრთხისშემცველ სახლში ორი შშმ პირი ცხოვრობს - ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. საცხოვრებელში არ დგას მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც კარადები. კედლებდაბზარულ სახლს არც ფანჯრები აქვს.
ოჯახში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც რომ არ არის - ეს ერთი შეხედვითაც სჩანს, თუმცა ევგენიძეების 4 წევრიანი ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში მაინც ვერ მოხვდა. მიზეზი, რის გამოც უკიდურესად გაჭირვებულ, ღატაკ ოჯახს მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა, საზღვრის კვეთაა. არავისთვისაა უცხო, რომ უმუშევრად, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები მეზობელ ქვეყანაში გადადიან ჩაის საკრეფად და ასე ცდილობენ შიმშილისგან იხსნან ოჯახები. მამული ევგენიძემაც ამ მიზეზით გადაკვეთა საზღვარი და ასე დაკარგა უფლება სახელმწიფოსგან მიეღო საარსებო შემწეობა, რომელიც სჭირდება. ოჯახის შემოსავალი საწოლს მიჯაჭვული, უსინათლო მამის პენსიაა, რომელიც მედიკამენტებში იხარჯება. ოჯახში კიდევ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრია - სპეციალური პენსიის მიმღები.
ოჯახი რომ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და ოთხი წევრისგან ორი შრომისუუნაროა - იციან სოციალური მომსახურების სააგენტოში. "ოჯახის ორი ზრდასრული წევრი შრომისუნარიანია და ვალდებულია იმუშაოს" - თემურ ჭანტურიშვილის მიერ ჩვენთვის ნათქვამი ეს სიტყვები, რომელიც სოციალურ სააგენტოს წარმოადგენს, განაჩენივით ჟღერს. თითქოს სამუშაო ადგილები არსებობს და ევგენიძეები უარს ამბობენ. თითქოს არჩევანი აქვთ და მუშაობას სიღატაკეში ცხოვრებას ამჯობინებენ. თითქოს ვინმემ შესთავაზა სამსახური და მუშაობას მაინც მშივრებს ურჩევნიათ დაძინება. პროგრამა, რომელიც ქულებს ანიჭებს, სამართლიანი რომ არ არის ევგენიძეების მაგალითმაც აჩვენა. სააგენტოში დაგვპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში აგენტები კიდევ ერთხელ მივლენ ოჯახში და თავიდან შეავსებენ განაცხადს.
ფაქტია, ოჯახები რომელთაც ეკუთვნით, მაგრამ არ დაენიშნათ სახელმწიფო საარსებო შემწეობა, ჩვენ ქვეყანაში ბევრია. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა, სიღარიბის ზღვრას მიღმა მყოფი ოჯახების რეალურ სურათს ვერ გვაძლევს. თუმცა არც სტატისტიკაში წარმოდგენილი რიცხვებია დაბალი. მხოლოდ აჭარაში, 42 ათას 828 პირია ღატაკი.