ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139584 თბილისის მერი კახა კალაძე საეკლესიო პირებს მიმართავს თხოვნით აუხსნან მრევლს, რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს. „საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა. მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს, “ – განაცხადა კალაძემ „პოსტ ტვ-ს“ ეთერში. მისივე თქმით, მიუხედავად, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეკომენდაციისა, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები წესებს არ ემორჩილებოდნენ. „მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომენდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით, “ – ამბობს კალაძე და მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან.
0