სომხეთი საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

Tbilisi Daily

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. „დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ამგვარ ქმედებებს, რაც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო და სამართლიან დარეგულირებასა და არცახის სტატუსის აღიარებას“, - განაცხადეს სომხეთის საგარეო უწყებაში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია „არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა და აზერბაიჯანის მხრიდან სამშვიდობო პროცესის საბოტაჟის ფაქტები“. 3 დეკემბერს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს. 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.