„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ 21-წლიანი ძალადობის ისტორიის გმირი თელავის მერიამ ბინით

0
„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული 21 წლიანი ძალადობის ისტორიის გმირს, თელავის მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, მამინაცვლის სახლში ცხოვრობს და მისი მხრიდან, თითქმის ყოველდღიური ძალადობის მსხვერპლია, უკვე საცხოვრებელი ფართის მოძიების პროცესშია. „თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დამიკავშირდნენ მერიიდან, შემხვდნენ და ამიხსნეს რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს. ახლა ბინის მოძიების პროცესში ვარ. მოვნახავ, ბინას, სადაც მე და ჩემი შვილი უსაფრთხოდ ვიქნებით და გადავალ“, – განაცხადა ქალმა „პრაიმტაიმთან“. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, მერია, ბინის ქირის გარდა, სამედიცინო მომსახურებებსაც დაუფინანსებს. „მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ფართი არ აქვს. ამიტომ ქალბატონი შეუთანხმდება რომელიმე მესაკუთრეს და ყოველთვიურ საფასურს მერია დაფარავს. ამის გარდა, ჩვნ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მას მედიკამენტები და სხვა სამედიცინო მომსახურება დავუფინანსოთ“, – განაცხადა ენუქიძემ. ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე, ძალადობის მსხვერპლ ქალს, მერია ერთწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, რომელიც შემდგომ ავტომატურად გაგრძელდება. ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
0