მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან ჩამოიყვანს

0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინტენსიურად მუშაობენ. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებული იყოს. „უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა უახლოესი დღეებისა და კვირეების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეები ეტაპობრივი გამოყვანა. ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგანაც აუცილებელია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, უცხოეთის მოქალაქეებისათვის ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი გადიან მხოლოდ 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის. მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით ჩვენს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად და შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის განმარტებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, მთავრობა უახლოეს ორ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან და ლარნაკადან ჩამოიყვანს. „დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და წაიყვანენ საქართველოდან საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლოდ 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი. ასევე კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხირციელდება თბილისი-ათენი-თბილისის რეისი. ასევე 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისი. ეს არის ის უახლოესი ორი კვირის განრიგი, რისი შესაძლებლობაც არსებობს ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა ჩვენ ვმუშაობთ შემდგომი რეისების დაგეგმვაზე შემდეგი კვირების განმავლობაში, რათა ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ამბობს, რომ ბილეთების ფასი გაკონტროლდება და ის 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. „ასევე, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს, ეს უნდა დაიცვას იმ ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებელია, ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
#georgia
#germany
#berlin
#viena
#amsterdam
#warsaw
#athens
#gakharia
#stopcovid19
0