ძალიან რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ოჯახი - ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახზე

Pirveliradio Ge

ძალიან რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ოჯახი, არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე - ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაკავებულის შესახებ ინფორმაცია „წითელმა ჯვარმა“ გაავრცელოს. „ძალიან რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ოჯახი, არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. პირველ რიგში, ველოდებით „წითელი ჯვრის“ ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიაწოდებს ცნობებს, როდესაც ზაზას მოინახულებს. როგორც ვიცი, „წითელმა ჯვარმა“ გააკეთა განცხადება, რომ ის მონახულებას აპირებს. იმედი გვაქვს, რომ სარწმუნო ინფორმაცია გვექნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, ოჯახის მთავარი ამოცანა არის, რომ დროულად დაბრუნდეს თავის სახლში. სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალაზე და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სამწუხროდ, დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რა ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, როგორიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება, რა დროსაც სწრაფი და დროული რეაგირება არის საჭირო“,-განაცხადა ლომჯარიამ.