დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში თქვენთვის

0
გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახლში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!“, -წერს დეკანოზი. მისივე თქმით, ეს არის მისი, როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შეეძლო არ დაეფიქსირებინა. „ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.
#დარჩისახლში
#კორონავირუსი
0