რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

0
მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი 80 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 80 წლის კაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. „80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა გოფოძემ. ინფიცირებულის ახალ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, სავარაუდოდ საღამოს გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტი გადის მკურნალობას. 5 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში აუღებენ. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#headline
#Feedc
0