http://pirveliradio.ge/?newsid=139643#
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მოქალაქეებს ხელი არ შეეშალოთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი. ბუნებრივია, პირველი დღეა და ამიტომ, გაუგებრობები ბევრია მოსახლეობაშიც, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობა ძალიან გაგებით შეხვდა ამ ვითარებას. კარგად იციან, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის არის. სიტუაცია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშეა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებიდან არიან და შემთხვევით იქ მოხვდნენ, გამოყვანას ითხოვენ. ბუნებრივია, მათ ვეუბნებით, რომ 2 კვირით კარანტინში ყოფნა მოუწევთ და ტერიტორიას ვერ დატოვებენ. მუშაობს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრაქსტრუქტურა, როგორიც არის მაგალითად, საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები და ავადმყოფები. ისინი დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, თუმცა ბუნებრივია, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებისგან გაიცა.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მოქალაქეებს ხელი არ შეეშალოთ, პირიქით, ხელშეწყობა ჰქონდეთ, ოღონდ დაცული უნდა იყოს ის პირობა, რომ როცა ადამიანი სამუშაოდ მიდის, მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი, დისტანცია დაცული უნდა იყოს და ა.შ. გარკვეულ ობიექტებზე მცირე პრობლემა შეიქმნა, მაგალითად, დილით ბენზინგასამართ სადგურებზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს პრობლემაც გვარდება, რადგან მისი მუშაობა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები ორი ტიპის. ერთი, რომელშიც შედიან ექიმები, რომლებიც ყველა ცხელ წერტილზე მივლენ და ადგილზე შეამოწმებენ ადამიანებს, ტემპერატურა აქვს თუ არა, ასევე სხვა რაიმე სიმპტომი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, სწრაფი ტესტები ჩატარდება და საჭიროების შემთხვევაში, ღრმა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში“, - აცხადებს სუბარი.