ლევან თარხნიშვილი საუბნო კომისიებს: ნუ ჩაყვებით პოლიტიკურ სამარეში ივანიშვილს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლები, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებენ, რომ ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია. მათივე განცხადებით, იგივე იგეგემება საუბნო კომისიის წევრების არჩევის შემთხვევაშიც. გორსა და კასპში, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკომ დამოუკიდებელი წევრები არაკანონიერად აირჩია - 73 ადამიანიდან 42 „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. 13 სექტემბერს, საბურთალოს საოლქო კომისიის წინ გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საოლქო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციას, ნუ ჩაიდენენ უკანონობას და „ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. „ვაპროტესტებთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევას, რომელთაგან, როგორც აღმოჩნდა, 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც არის კანონის დარღვევა. დღეს იგივე პროცესი დაიწყო საოლქო კომისიებშიც. დღეს საბურთალოს საოლქო კომისია გავაფრთხილეთ, რომ გვაქვს სია იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მოვუწოდეთ საოლქო კომისიას, რომ არ აერჩიათ კონკრეტული წევრები მიუხედავად ზეწოლისა. 11:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა გადადეს 12:00 საათზე, ალბათ, იმიტომ, რომ კონსულტაციებს გადიან“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. ლევან თარხნიშვილის სიტყვებით, თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საოლქო კომისიის ყველა სხდომას გააპროტესტებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30835994.html #ახალი_ამბები #twitter