საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ დიასპორას მიმართავს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139679 დღეს, ამ მომენტში, ქართველი დიპლომატების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი თანადგომა. 24 საათიან რეჟიმში ვიღებთ მონაცემებს მათი საჭიროებების შესახებ. ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს; ხშირად დიპლომატების პირადი სახსრებით ხდება მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ვმუშაობთ და ავამოქმედებთ დამატებით მექანიზმს, მათ შორის, დიასპორული ორგანიზაციების, საპატიო კონსულების ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით, რათა უცხოეთში მყოფი არც ერთი ჩვენი მოქალაქე, ამ ურთულეს პერიოდში არ დარჩეს ელემენტარული - პირველადი საჭიროებების გარეშე. საქართველო, მიუხედავად მისი მწირი რესურსისა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც ეპიდემიის აფეთქების კერებიდან ოპერატიულად გამოიყვანა თავისი მოქალაქეები და შედეგად, 3000-მდე საქართველოს მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში, მაშინ, როდესაც ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ აღმოჩნდა ბევრი სახელმწიფოსთვის, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ არ განიხილავდნენ საზღვარგარეთ დარჩენილი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს. ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა მოხდა: ჩინეთიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერული რეისი და ამას გარდა, ორჯერ, ჩვენი პარტნიორების - საფრანგეთისა და თურქეთის დახმარებით გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები. იტალიიდან - სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი და დღემდე ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, ვინც ორგანიზებულად წამოიყვანა საკუთარი მოქალაქეები. ირანიდან - სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერი და ამას გარდა, სახმელეთო გზით, ორგანიზებულად მოხდა მოქალაქეების წამოყვანა. პოლონეთიდან - სადაც პოლონურ მხარესთან და კომპანია “ლოტთან” მოლაპარაკებით, მაშინ, როდესაც პოლონეთი დახურული იყო საერთაშორისო ფრენებისთვის, განხორციელდა რამდენიმე ჩარტერული რეისი. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამომგზავრება და ადგილზე ურთულეს პირიბებში რჩებოდნენ, დავაბინავეთ. ბულგარეთიდან - სადაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ. ეგვიპტიდან - საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანეთ. უკრაინიდან - საიდანაც ჩარტერული რეისის გამოყენებით ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალეები და ასევე ათენი - საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება უახლოეს დღეებში. ამგვარი მაგალითები უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით, როგორც გამომგზავრებასთან დაკავშირებულ, ისე ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, სწორედ მათი დაუღალავი შრომით და თანადგომით გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და დღეს სამშობლო თქვენს გვერდით არის!", -აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.
0