9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე

Tbilisi Daily

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც ტრადიციულად როგორც ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. თუმცა წელს ქვეყანაში პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული. ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც - გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.