რატომ შეუტია კორონავირუსმა იტალიას ასე მკაცრად — ახალი კვლევა

0
რაც უფრო ღრმად ეხვევა მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ქაოსში, ყველას გვიჩნდება სასოწარმკვეთი კითხვები – კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს იზოლაცია, როდის მიაღწევს პანდემია პიკს და ა. შ. თუმცა, ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში უცხადესია, არის ის, რომ ახალი დაავადება ყველაზე სახიფათოა ხანდაზმულებისთვის. ახალგაზრდებს შეიძლება სიმპტომებიც კი არ გამოუვლინდეთ და ეს ფაქტი მათი ახლობელი მოხუცებისთვის კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან მათ ეს ვირუსი ასაკოვან ადამიანებს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად გადასდონ. ახალმა კორონავირუსმა იტალიას განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. გადაჭედილი საავადმყოფოების პერსონალს უწევს ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება – ვის უმკურნალონ და ვინ სიკვდილს მიანდონ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეპიდემია იტალიას ასე განსაკუთრებით სასტიკად შეეხო, შეიძლება ორი იყოს; ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ჟურნალ Demographic Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ — ქვეყანა მეორეა ევროპაში ხანდაზმულთა რაოდენობით; იტალიელი ახალგაზრდები უფრო ხშირად ურთიერთობენ მოხუც ბებია-პაპებთან. ასეთი დემოგრაფიული კვლევა შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს საფრთხის შესამცირებლად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან მრავალ ქვეყანაში პანდემია ჯერ ახლა იწყებს გავრცელებას და ფაქტობრივად, მეცნიერები ახლა სწავლობენ ამ ვირუსის გადადების გზებს ოჯახებსა და საზოგადოებებში. იტალიაში მოსახლეობის 23 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია. ამავე დროს, ახალგაზრდა იტალიელები ბევრს ურთიერთობენ საკუთარ მოხუცებთან. კვლევის იტალიელი თანაავტორები შენიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სასოფლო დასახლებებში მშობლებთან და პაპა-ბებიებთან ცხოვრობენ, მაგრამ სამუშაოდ დიდ ქალაქებში, მაგალითად, მილანში დადიან. კვლევის ავტორთა აზრით, ქალაქებსა და ოჯახებს შორის ასეთმა ხშირმა მოგზაურობამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერა ახალი კორონავირუსის „ჩუმი“ გაძლიერება. ქალაქში მომუშავე და სოციალიზებული ახალგაზრდები ურთიერთობენ ბევრ ადამიანთან, სადაც შეიძლება ისინი ვირუსით დაინფიცირდნენ და ის სახლში წაიღონ. შეიძლება მათ სიმპტომები სულ არ ჰქონდეთ ან უმნიშვნელოდ აღენიშნებოდეთ, მაგრამ დააინფიცირონ მოხუცები, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. „ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკოვან ადამიანებში მაღალია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რატომ“, — ამბობს მკვლევარი კარლოს დელ რიო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მოხუცებს სუსტი სასუნთქი სისტემები აქვთ, რაც ხანდაზმულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს სხვა დაავადებების, მაგალითად, პნევმონიის შემთხვევებშიც ზრდის. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი იკვლევს, რატომ არ ერჩის COVID-19 ბავშვებს. მათი აზრით, ბავშვებს უფრო „ხელუხლებელი“ ფილტვები აქვთ, რომლებიც ჯერ არ არი დაზიანებული ცხოვრების განმავლობაში ალერგიებით, ჰაერის დამბინძურებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ანთებებით. ეს ფაქტორი მათ შეიძლება უფრო მტკიცეს ხდის ახალი კორონავირუსის შემოტევის მიმართ. მიუხედავად იტალიაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა, ვირუსი უკვე შორს და ფართოდ არის გავრცელებული. კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის დემოგრაფისა და ეპიდემიოლოგის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, ამ სახის დემოგრაფიული მონაცემებით, ჯანდაცვის ოფიციალურ უწყებებს გავრცელებასთან უკეთ ბრძოლა შეუძლიათ. „ერთ-ერთი რამ, რის გარკვევასაც ვცდილობდით, არის ის, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა იზოლაცია საკმარისი არ არის და მრუდის გაბრტყელებისთვის საჭიროა ზოგადი სოციალური დისტანცირება. მრუდის გაბრტყელება ნიშნავს ახალი ინფექციების შენელებას, რაც მკვლევრებს დამატებით დროს აძლევს პრეპარატებისა და ვაქცინების შესაქმნელად, საავადმყოფოებს კი სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისა და მოხუცების განცალკევება შეიძლება მშვენივრად მუშაობდეს თეორიაში, პრაქტიკაში ის პრობლემებს ქმნის. მაგალითად, მრუდის გასაბრტყელებლად აშშ-ში დაიხურა სკოლები. მშობლები ამასობაში სახლიდან მუშაობენ და ბავშვები ამაში ხელს უშლიან, ამიტომ შეიძლება, ისინი პაპა-ბებიებს მიაბარონ. ქვეყნებში, სადაც ბევრი ხანდაზმულია, ბევრი მათგანი ერთად ცხოვრობს მოხუცებულთა სახლებში, სადაც სოციალური დისტანცირება განსაკუთრებით ჭირს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდაზმულთა დიდი ოდენობა აუცილებლად არ ნიშნავს COVID-19-ის აფეთქებას. იაპონიაში, სადაც მოსახლეობის 28 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია, ამჟამინდელი მონაცემებით (23 მარტი) ინფიცირებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილი კი 41. იტალიაში მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია – 63 928 ინფიცირებული და 6078 გარდაცვლილი. იაპონიამ, მეზობელ ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსად, გავრცელების ადრეულ დღეებშივე დაიწყო ადამიანთა ტესტირება და შემოიღო მკაცრი სამოგზაურო კონტროლი. კვლევის ავტორის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, იტალიის მაგალითი პანდემიასთან ბრძოლაში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დაგვეხმაროს. „წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის ზონები, სადაც ხანდაზმულთა რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, საჭიროა მეტი ყურადღება“. გაითალისწინეთ, თუ ბებია-პაპის მონახულება გსურთ, ძლიერ რეკომენდებულია, პანდემიის დასრულებამდე თავი შეიკავოთ მათივე ჯანმრთელობისათვის. უბრალოდ, აიღეთ ტელეფონი და მოიკითხეთ.
#italy
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
0