New York Post: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა
Tbilisi Daily
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ქალაქისთვის ფედერალური თანხების უზრუნველყოფის შეზღუდვას ისახავს, რაც მომიტინგეების გაკონტროლების შეუძლებლობისა და პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტითაა განპირობებული.
ნიუ-იორკთან ერთად ანარქისტულ იურისდიქციად კიდევ ორი ქალაქი განისაზღვრა - პორტლენდი და სიეტლი.
„როდესაც შტატი და ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უშლიან სამართალდამცავ ორგანოებსა და უწყებებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, ეს საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვინც მშვიდობიანად შეკრებასა და პროტესტის გამოხატვას ცდილობს“, - ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.
უილიამ ბარი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვა მაშინ, როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ქალაქები შეცვლიან პოლიტიკას და სერიოზულად შეუდგებიან მთავრობის ძირითადი ფუნქციების შესრულებასა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას“, - აღნიშნავს აშშ-ის გენერალური პროკურორი.