Credit Suisse-მა ივანიშვილს $607 მლნ ზარალი მიაყენა - Bloomberg
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შვეიცარულმა ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს - რომელიც ბანკს თაღლითობის სქემის გამო უჩივის - 607 მილიონი აშშ დოლარი დააკარგინა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ეს რიცხვი მოყვანილი იქნა სამშაბათს, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნი. მან მარტში საქმის ორივე ბუღალტრებს მხარეს დაავალა, წასულიყვნენ და უფრო ზუსტად შეეფასებინათ ბიძინა ივანიშვილის ზარალი.
მაშინ მოსამართლემ ზარალი 553 მილიონ დოლარად შეაფასა.
ჯონათან ქროუმ, Credit Suisse-ის ადვოკატმა, განაცხადა, რომ იგი არ ეწინააღმდეგებოდა ჰარგუნის გადაწყვეტილებას და აღიარა შესწორებული თანხა - 607 მილიონი დოლარი.
ჰარგუნმა სამშაბათის მოსმენის ბოლოს თქვა, რომ იგი მოგვიანებით გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ბუღალტერების მიერ შეთანხმებული 607 მილიონი აშშ დოლარის, ასევე სხვადასხვა არგუმენტების შესახებ.
ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს. საქმის დეტალებით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები.
შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
Credit Suisse დიდხანს ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და რომელმაც 2020 წელს, გათავისუფლების შემდეგ თავი მოიკლა, წარმატებით ახერხებდა მისი უფროსობისა და კოლეგებისგან უკანონო, თაღლითური საქმიანობის დამალვას.
ასევე ნახეთ:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31909940.html
Source: radiotavisupleba.ge