ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ომბუდსმენის აპარატი პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას მოითხოვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოსგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გამოყოფას, ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას და მოძალადეებისთვის ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამაში სავალდებულოდ ჩართვას ითხოვს. ომბუდსმენის მოადგილის ეკატერინე სხილაძის თქმით, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ პრევენციული მექანიზმები გამართულად არ მუშაობს, შედეგად კი, სახეზეა ქალთა მკვლელობების ან ძალადობის შემთხვევების მაღალი რაოდენობა. "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამების არსებობა, იქნება ეს კომპენსაცია, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე თუ უკვე არსებული სერვისების გაძლიერება იმისთვის, რომ მსხვერპლებმა ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიონ", - ამბობს ეკატერინე სხილაძე. რაც შეეხება ელექტრონული ზედამხედველობის გაძლიერებას [სამაჯურების გამოყენება], სახალხო აპარატის შეფასებით, მისი პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი კრიტიკულად მცირეა. ამის მთავარი მიზეზი კი, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, თავად მსხვერპლების მიერ უარის თქმაა. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, მსხვერპლების მიერ უარის თქმის უკან არაერთი ბარიერი დგას. "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ბარიერების აღმოფხვრაზე და არ შეიძლება ასეთი დაბალი მაჩვენებლის გამამართლებელ მიზეზად გვქონდეს მსხვერპლთა სურვილი. ამ სურვილს განაპირობებს ის გარემო, რა გარემოშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მათ შორის ის, რომ მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია არსებული მექანიზმის შესახებ", - განმარტავს სხილაძე. მისი თქმით, ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო უწყებებისგან ყოველწლიურად ითხოვდნენ, უბრალოდ ქალთა მკვლელობების მასშტაბების ფონზე, ეს რეკომენდაციები უფრო აქტუალური გახდა. "ვხედავთ, რომ იზრდება ძალადობაზე რეაგირების მაჩვენებელი, მაგრამ არ აისახება პოზიტიურად ქალთა მკვლელობების რაოდენობის შემცირებაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ პრევენციული ღონისძიებები უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს", - ამბობს სხილაძე რადიო თავისუფლებასთან. მისივე თქმით, სახელმწიფო მსხვერპლს დაცვისა და დახმარების არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას სთავაზობს. არის ეს თავშესაფრით უზრუნველყოფა, პოლიციის აქტიური ჩართულობა და ასე შემდეგ, თუმცა ეკატერინე სხილაძის განმარტებით, ეს სერვისები გრძელვადიან პერსპექტივაში მსხვერპლთათვის ძალადობრივი გარემოს დატოვების შესაძლებლობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. "ჩვენი მოლოდინი პრევენციული მექანიზმების განხორციელების ეტაპზე შედეგად შეიძლება იყოს ის, რომ ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების ადრეული გამოვლენა ხდებოდეს და შესაბამისად, პრევენცია ძალადობის მძიმე ფორმების, როგორიცაა: ქალის მკვლელობა ან ჯანმრთელობის დაზიანება", - აღნიშნავს სხილაძე. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა - სხვა მოტივით. ბოლო კვირებში, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. მათგან ერთ-ერთი პოლონეთის ქალაქ ლოძში, 24 მაისს მოხდა. 26 წლის როზეტა ყალიჩავა 42 წლის ქმარმა მოკლა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. რამდენიმე დღით ადრე, 21 მაისს, თბილისში, ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა ქმარმა 31 წლის სოფო კვარაცხელია. 23 მაისს, თბილისში, კიდევ ერთი ქალის მკვლელობა სცადა ყოფილმა ქმარმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31885449.html

Source: radiotavisupleba.ge