სლოვაკეთი არ მიიღებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპის კავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა არ მიიღებს რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე და შესაბამისად, უკრაინაში საომარ მოქმედებში მონაწილეობაზე.
პოლონეთის, ჩეხეთის, ასევე ბალტიის ქვეყნების და ფინეთის შემდეგ სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ არ მიიღებს ყველას, ვინც ამ მიზეზით ტოვებს რუსეთს.
გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს, DPA-ს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ სლოვაკეთი თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს. ბრატისლავა თვლის, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ყველა შემთხვევაში არ არის საკმარისი „ჰუმანიტარული ვიზის“ მისაღებად.
განსხვავებული პოზიცია აქვს გერმანიის მთავრობას. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მიერ ომში მონაწილეობაზე უარის თქმა წარმადგენს საფუძველს იმისთვის, რომ გერმანიამ ისინი დაიცვას. გერმანია აპირებს ამ საკითხის ევროპის კავშირის დონეზე განხილვას.
რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქე კაცების დიდი რაოდენობა ცდილობს რუსეთის დატოვებას, რათა თავი აარიდოს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. მოსკოვი ცდილობს გაამკაცროს კანონი მათ მიმართ, ვინც ომის პერიოდში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას შეეცდება.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ტომი დაიწყო წელს, თებერვალში. მოსკოვი რამდენიმე ათას დაღუპულის შესახებ იტყობინება. ხოლო საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა რუსეთის მხრიდან ბევრად უფრო მეტია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახლახან გამოაცხადა "ნაწილობრივი მობილიზაცია", რისთვისაც თავის არიდების მიზნით რუსეთს ტოვებენ და მახლობელ სახელმწიფოებში ჩასვლას ცდილობენ შესაბამისი ასაკის კაცები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32052291.html
Source: radiotavisupleba.ge