ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიესალმება, სტატუსისთვის საქართველომ მუშაობა გააგრძელოს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
"ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
და მუშაობას იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ ქართელ ხალხს.
ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება."
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 17 ივნისის გამოსვლაში თქვა, რომ საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა მკაფიო გზა შეიმუშაოს სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.
" ჩვენ გირჩევთ საქართველოს მიანიჭოთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაბრუნდეთ და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს, სანამ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება"
ევროკომისიის ლიდერების გამოსვლის შემდეგ, მიმდინარე მოვლენაზე ბრიფინგი გამართა "ქართულმა ოცნებამ", სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე და თქვა:
"მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია".
მისივე თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.
ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 11 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31902823.html
Source: radiotavisupleba.ge