3 votes
0 comments
0 shares
Save
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან დენდროლოგიურ პარკში 6 ხე გადააქვთ
58 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139721

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან დენდროლოგიურ პარკში 6 ხე გადააქვთ. როგოორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში სოფელში მრავალწლოვანი ჭადრის ხეების ამორგვის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ქარიატში მომუშავე პერსონალი აცხადებს ეს პროექტი არის ინფრასტრუქტურული და შესაბამისად არ ჩერდება სამუშაოები. აღსანიშნავია რომ, არცერთი მათგანი ქვეყანაში არსებული ვითარების და კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკიპირებული არ არის შესაბამისი სამოსით, მათ არ უკეთიათ არც პირბადე და არც ხელთათმანი.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
აფხაზეთი _ შეხვედრა წარსულთან (მეტყევეს ჩანაწერები)
აფხაზეთის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ მემკვიდრეა და გამგრძელებელი იმ ღირსეული საქმიანობისა, რასაც აფხაზეთში წლების განმავლობაში სასახელოდ და ნაყოფიერად ეწეოდა ბუნების დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო მისი დაფუძნებიდან იმ ავადმოსაგონარი 1993 წლის 27 სექტემბრამდე, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა სხვადასხვა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების დახმარებით ხელში აიღეს ძალაუფლება და ქართველები თავიანთ მიწაზე დევნილებად აქციეს. გაჭირვებაში მყოფი აფხაზეთის ქართველი მეტყევეები ჩაიხუტა დედა თბილისმა, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყოველგვარი პირობები შეუქმნა ნორმალური მუშაობისათვის. ასეთი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ქართველი მეტყევეები დიდი სიამაყით წარმოთქვამენ დიდი მგოსნის, საქართველოს სახალხო პოეტის— გიორგი ლეონიძის სიტყვებს: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები“ ჩვენი მიზანია ამ წერილით, მოგზაურობით დროში მკითხველს და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს მივაწოდოთ ინფორმაცია ბუნების ძირითადი კომპონენტის ტყის შესახებ, შევახსენოთ აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა ტყის დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაცია იყო წარსულში მისი დაფუძნების დღიდან, თუმცა, ეს ყველასათვის ისედაც ცნობილია ისტორიის ფურცლებიდან. ჩვენ, აფხაზეთში დაბადებულებს და გაზრდილების უმრავლესობას ერთი წუთითაც არ გვავიწყდება ედემის შესადარი მხარე, სადაც უპატრონოდ მიტოვებულია ჩვენი სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, სადაც დღესაც შრიალებენ ჩვენ მიერ გაშენებული ტყის ახალი ტყე-კულტურები. ჩვენ ვამაყობთ წარსულით და ვცხოვრობთ მომავლის იმედით. ჩვენ გვწამს ჩვენი დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის სიტყვებისა „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“ იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს ძირძველ მიწაზე და ამის იმედს უფრო გვიძლიერებს აქ დაბადებული ბავშვების განწყობაც, რომლის ერთ-ერთი ფაქტია ჩემი 10 წლის შვილიშვილის მოკრძალებული ლექსი, „აფხაზეთი“, რითაც ეს წერილი დავიწყე. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით „ოდაბადეში“ და დედაბუნებაზე შეყვარებული ქართველი და აფხაზი მეტყევეები ძველებურად ხელი-ხელ ჩაკიდებული გავაგრძელებთ დროებით შეწყვეტილ სატყეო საქმიანობას, გავაშენებთ ახალ ტყე-კულტურებს და უფრო დავამშვენებთ ამ კურთხეული მხარის მთასა და ბარს ქართველ და აფხაზ ხალხთა საკეთილდღეოდ. ეს ჭეშმარიტებაა, მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა ზოგიერთებს. დიდი შილერი ამბობდა: „ჭეშმარიტება იჩაგრება იმით, რომ ვიღაც მას არ იზიარებს.“ ეს წერილი დამაწერინა უდიდესმა სიყვარულმა იმ პროფესიისადმი, რომელსაც ვემსახურებოდი ჩვენთვის ავადმოსაგონარ 1993 წლის 27 სექტემბამდე აფხაზეთში და ვემსახურები დღესაც. როგორც ბუნების მსახურის, შეყვარებულისა და მოქალაქის დევიზია: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ წერილით ჩვენი ტკივილის შემსუბუქებას იმ „დოზით“, როგორც ჩავიფიქრე, როგორც ეკადრებოდა მეტყევეებს და ბუნების მოყვარულთ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია „დავიბრალო“, მთელი ძალისხმევა, პასუხისმგებლობა, ბუნებისადმი სიყვარული, მოფერება და ოპტიმისტური სურვილი ჩავაქსოვე ამაში. მწირი ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, თითქმის მეათე საუკუნიდან ტყეები სახელმწიფოს, ეკლესია -მონასტრების, მებატონეთა, მემამულეთა ხელში იყო. 1921 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში არსებული მთლიანი ტყის მასივი სახელმწიფო და საკოლმეურნეო ტყეებად გამოცხადდა. 1921 წლიდან აფხაზეთის რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო სატყეო უბნებმა. 1930 წელს ტყის მასივები გადაეცა აფხაზეთის კურორტთა მთავარ სამმართველოს. 1931 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო სამმართველო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები. 1947 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები. სანამ შევუდგებოდე აფხაზეთის ტყეების ბუნების ოაზისის მიმოხილვას, ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ ტყის შესახებ გამოთქმულ აფორიზმებსა და ბრძნულ აზრებს, რომელთა წაკითხვა ამდიდრებს ნებისმიერი მკითხველის ინტელექტსა და სულს. ტყე კაცობრიობის აკვანი, უნივერსალური ნედლეულის წყარო და უნიკალური გლობალური ფაქტორია, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს. ტყე ბუნების უნიკალური, განუმეორებელი ქმნილებაა, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წინასწორობის ერთ— ერთი მთავარი ფაქტორი. ტყეზე დიდად არის დამოკიდებული დედამიწაზე ცივილიზაციის თითქმის ყველა სფეროს განვითარება, სიცოცხლის შენარჩუნება და თვით ადამიანის ყოფნა-არყოფნაც კი. ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი. ტყე ღმერთმა მეოთხე დღეს შექმნა. ტყე ედემია, რომელიც კაცს დახურულ გულს გაუღებს, ჯავრს გაუქარწყლებს და სევდას ააშორებს, ის ადამიანის ტკბობის საგანიცაა. ტყე მცენარეთა საზოგადოებაა, სადაც მცენარეები, ცხოველები და გარემო ერთიანობასა და განვითარებაშია. ტყე ბიომრავალფეროვნების ფართო სპექტრით გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების ერთ -ერთი მძლავრი ბუნებრივი ფაქტორია, ამიტომ მას სამართლიანად უწოდებენ სიცოცხლის მწვანე ფილტვებს. ტყე ცოცხალი არსებაა. მწერალი ლევან გოთუა ამბობს: „არა, ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითაც მეტია და თვითმყოფადი, სამყაროს ნიშანს ატარებს.“ ტყე — ბუნებრივად თვითგანახლებადი რესურსია. ტყე — გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც სიცოცხლისათვის არის საჭირო. ტყე — შთანთქავს ნახშირორჟანგს და წმენდს გარემოს. ტყე — წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირების მძიმე ნაწილაკებისაგან. ტყე — ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობებს ფოტოსინთეზის საშუალებით. ტყე — ყველასათვის ხელმისაწვდომი სიკეთის ერთადერთი წყაროა, რომლისთვისაც ბუნებას გასაღები არ დაუდვია, ამ საუნჯეს იგი ადამიანის კეთილგონიერებას ანდობს, რათა მან იქ სამართლიანი წესრიგი დაამყაროს. ტყის სიკეთის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ამით დავკმაყოფილდეთ. ახლა დროა დავბრუნდეთ აფხაზეთში და მიმოვიხილოთ ამ კურთხეული, ნამდვილად უნიკალური მხარის ლანდშაფტის მშვენება, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი, დედამიწის გვირგვინი, ცხოვრების ელექსირი ტყე და მისი მოვლა-პატრონობით დაკავებული სატყეო სისტემა და მისი მესვეურები. წერილს ვყოფთ თავებად და ვაპირებთ ასე გამოქვეყნებას, რომ მკითხველი არ გადავტვირთოთ ერთდროულად წარსული ემოციებით, გამომდინარე იქიდან, რომ ემოციები ისედაც არ აკლია დროებით გადაადგილებულებს. I თავი 1921 წლიდან 1950 წლამდე II თავი 1950 წლიდან 1970 წლამდე III თავი 1970 წლიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე VI თავი 1993 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლამდე. აფხაზეთის ტყეებს, საქართველოს ტყის ფონდის განუყოფელ ნაწილს, ბუნების ხელთუქმნელ ძეგლს, ლანდშაფტის მშვენებას, დღევანდელი მონაცემებით უკავია 508515 ჰექტარი, რაც მთელი აფხაზეთის ტერიტორიის 58,7% შეადგენს და საქართველოს ტყის ფონდის 17,4% -ია. აფხაზეთის ტყეებს ნაირგვარი სოციალურ -ეკონომიკური დანიშნულება აქვთ (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, სანიტარულ — ჰიგიენური, საკურორტო-გამაჯანსაღებელი, რეკრაციული, სანაკრძალო და სხვა), რომელთა სწორ მართვას ისეთი მთაგორიანი რეგიონისათვის, როგორიც აფხაზეთია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აფხაზეთის ტყეები რაიონების მიხედვით ასეა განაწილებული: გალის რაიონი — 33543 ჰექტარი. ოჩამჩირის რაიონი — 115828 ჰექტარი. გულრიფშის რაიონი — 102307 ჰექტარი. სოხუმის რაიონი — 103328 ჰექტარი. გუდაუთის რაიონი — 89198 ჰექტარი. გაგრის რაიონი — 64311 ჰექტარი. აფხაზეთის სატყეო მეურნეობის კოლექტივი მისი ფუნქციონირების პირველ ხანებში დაკავებული იყო: ტყეების დაცვით უკანონო ჭრებისაგან, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებით, ტყეების დაცვით მავნებლებისაგან, დაავადებებისაგან, შემდგომ პერიოდში დაწყებული იქნა ახალი ტყე-კულტურების გაშენება, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის, ტყის მოვლითი ღონისძიებანი: განათება, გაწმენდა, გამოხშირვა და სანიტარული ჭრები. აფხაზეთში ახალი ტყე-კულტურების გაშენება დაწყებული იქნა 1926 წელს. ტყე-კულტურების გაშენების ობიექტი იყო ძირითადად ტყით დაუფარავი ფართობები, მეჩხერები, დაბალი სიხშირის კორომები და შემდგომ დაემატა ეროზირებული და კოლმეურნეობებისათვის გამოუყენებელი ფართობი. 1926 წლიდან 1940 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 389,8 ჰექტარზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფართოდ გაიშალა ახალი ტყე-კულტურების გაშენება. 1946 წლიდან 1950 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 800 ჰექტარზე: ყირიმის ფიჭვი, ჩვეულებრივი ფიჭვი, კაკალი და წაბლი. ამ პერიოდში გაშენებული ტყის კულტურებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: გალის სატყეო მეურნეობის მიერ სოფელ აჩიგვარაში გაშენებული ჭადრის 20 ჰექტრიანი ქარსაფარი ზოლი. ოჩამჩირის სატყეო მეურნეობის მიერ ზღვისპირეთის სატყეოში გაშენებული 20 ჰექტრიანი კვიპარისის ფართობი. გაგრის სატყეო მეურნეობის მიერ ბზიფი-რიწის გზის მე-10 კილომეტრზე გაშენებული სექვოიას და კედრის 2 ჰექტრიანი ფართობი. ახალი ტყის კულტურები გაშენების კლასიკურ ნიმუშს და ცოცხალ ძეგლს წარმოადგენენ. აფხაზეთში ყველა რაიონის სატყეო მეურნეობას ჰქონდა მოწყობილი: სანერგეები და სასკოლო განყოფილებები სანერგე მასალის მისაღებად. 1947 წლიდან დაწყებული იქნა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებანი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტყის იმ უბნებში, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, ჩატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები: თესლების შეთესვა, შეღობვა და დაკორდებული ნიადაგების გაფხვიერება -აჩიჩქვნა. 1947 წლიდან 1950 წლამდე განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ღონისძიებები 4200 ჰექტარზე. აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო აწარმოებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების: სიმინდი, ჩალა, ლობიო წარმოებას და მათ ჩაბარებას სახელმწიფოსათვის. აფხაზეთის ყველა სატყეო მეურნეობებს ჰქონდათ ფართო მოხმარების საამქროები, სადაც მზადდებოდა: ბრის, თოხის, უროს, ქლიბების, ჩაქუჩის ტარები, ყუთები რაიონების მეციტრუსეებისათვის, პურის ქარხნებისთვის, თოფის კოხდახები, ავეჯის დეტალები, ფიცრები. ამ პერიოდში აფხაზეთში ამოძირული იქნა ათასობით ჰექტარი ტყე, რაც გამოწვეული იყო: ჩაის, მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, თხილის, ფეიხოა და სხვა კულტურების გაშენებით, მოსახლეობის ზრდითა და ქალაქების ეკონომიური განვითარებით. სატყეო მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ამ პერიოდში მუშაობდნენ: ნიკოლოზ ქეცბა, ილია თათარაშვილი, მიხეილ აშუბა, გიორგი ხელაია, იროდი ბერია, შალვა ჯორჯიკია, ნიკანდრო ქორაია, დავით ესებუა, გრიშა კაკუბერი, გალაქტიონ გულბანი, სარდიონ ქირია, მიხეილ არგუნი, შოთა ჩივაძე, სტეფანე ჯიშკარიანი. აფხაზეთის ტყის ფონდის მიმოხილვა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ 1924 -1940 წლებში გაწეული მუშაობის პირველი თავი მსურს დავამთავრო იმით, თუ როგორ გადაარჩინეს გაგრელმა მეტყევეებმა 1942 წელს ბიჭვინთვის კონცხის ღვთით ბოძებული უნიკალური ფიჭვნარები, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი გაჩეხვას. აღნიშნული კონცხის ფიჭვის კორომებს 104 ჰექტარი უკავია. ბიჭვინთვის ფიჭვნარები საქართველოს ენდემია და სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს, რომელსაც მესამეული პერიოდის ყირიმ — კავკასიის ფლორის რელიქტმა — ბიჭვინთის ფიჭვმა მოუხვეჭა სახელი. აქ აღრიცხულია თითოეული ხე და მათი მდგომარეობა კონტროლსაა დაქვემდებარებული. 1942 წელს მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი. საქართველოს საზღვართან ახლოს, ქერჩის სრუტესთან, მტრის გრიგალისებურ ცეცხლს იგერიებდნენ 224-ე ქართული მსროლელი დივიზიის მებრძოლები. ამავდროულად მტრის ჯალათები, ურდოები კავკასიონის უღელტეხილიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შემოჭრას და არა ერთხელ დაბომბეს სოხუმი. იმ დროს, როცა კავკასიონის უღელტეხილზე გ ფაშისტებთან შეტაკებები მიმდინარეობდა, ერთ-ერთ გენერალს სამხედრო ინტერესებისათვის გაუცია განკარგულება, ბიჭვინთვის ნაკრძალში გაეჩეხათ ტყის მასივი. ამ განკარგულების შესახებ სხვებზე ადრე შეუტყვიათ გაგრელ მეტყევეებს, რომელთაც ძალიან განუცდიათ და დასახმარებლად სწრაფად ეწვივნენ გაგრის რაიონის უშიშროების უფროსს, ბატონ გიორგი (ხუტა) ხუფენიას, რომელსაც გულთან მიუტანია ყოველივე ეს და მეტყევეებისათვის დახმარება აღუთქვამს (1970-1973 წლებში ხუფენია მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში, ხე-ტყის დამზადების სამმართველოს უფროსად). იგი სასწრაფოდ მისულა მიტროფანე კუჭავასთან (გაგრის რაიკომის პირველი მდივანი. 1970-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრად), რომელიც მაღალი სიხშირის ტელეფონით დაკავშირებია საქართველოს ცეკას პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს, რომელსაც ეს ამბავი, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრს, ფრონტის სარდლისათვის მოუხსენებია და უთხოვია, მიეღო სასწრაფო ზომები. ფრონტის სარდალს თავის მხრივ სასწრაფოდ გაუგზავნია კომისია და როდესაც კომისიის თავჯდომარეს დაუთვალიერებია ბიჭვინთის ნაკრძალი. მასზე თურმე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია აღნიშნულ ნაკრძალს, რომ უხმია განკარგულების გამცემი ჩინოსანი და მკაცრად გაუფრთხილებია: თუ ვინმე თუნდაც ერთ ხეს მოჭრის ამ ნაკრძალში, ის მას თავისი ხელით თავს წააჭრიდა. აი, ასე დროულად მიღებულმა ინფორმაციამ, შესაბამისად დროულად რეაგირებულმა მოქმედებამ და ბუნების მოყვარულმა ადამიანებმა გადაარჩინეს გაჩეხვას ეს უნიკალური მასივები. ეს ამბავი მიამბო ჩემმა ინსტიტუტის ამხანაგმა, გაგრელმა მეტყევემ, ჭეშმარიტმა აფხაზმა, ბუნების დიდმა ქომაგმა, სატყეო საქმის დიდოსტატმა, საქართველოს დამსახურებულმა მეტყევემ ვლადიმერ ხიშბამ (აფხაზეთის სატყეო მეურნეობის მინისტრი, საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი). ნუგზარ გერსამია. საქართველოს დამსახურებული მეტყევე, ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №73#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს სპარის ინსპექტირება
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტ სპარის გადაწყვეტილება, მთელი ღამით სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას საფრთხეს უქმნის. EMC-ს ინფრომაციით, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს. "მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ „სპარის” კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა) „სპარის” განცხადება იმის შესახებ, რომ კონსულტანტების სამუშაო რეჟიმი „ნებაყოფლობითია,” მათ რეალურ სოციო-ეკონომიკურ და შრომით მდგომარეობას ნიღბავს. სერვისის სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის სისტემების არარსებობა კი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ეს ფაქტორები „სპარსა” და სხვა საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტებს არჩევანის გარეშე ტოვებს მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დასაქმების ალტერნატიული წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, აიძულებს დამსაქმებლის პირობებს დაემორჩილონ. სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი რეფორმირების აუცილებლობას. როგორც კონსულტანთა შრომასთან დაკავშირებული რისკები, ისე მისი დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ისინი იმ მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ, ვისი შრომაც საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც კი გრძელდება." - აღნიშნულია განცხადებაში. EMC სპარის დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს: ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით. აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება: უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე[1]. მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან. მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.[2] უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად. სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები. საზოგადოების მაღალი ინსტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
სოციალური მუშაკების გაერთიანება მიუსაფარ არასრულწლოვანთა 2-კვირიან კარანტინში განთავსებას ითხოვს
სოციალური მუშაკების გაერთიანება მიუსაფარ არასრულწლოვანთა 2-კვირიან კარანტინში განთავსებას ითხოვს. სოცმუშაკები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ: "საქართველოში არსებობს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ზრუნვის ფორმები - მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მინდობითი აღზრდა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები. ყველა მათგანი არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე საოჯახო ტიპისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში გამოცხადებულია კარანტინი და 24 საათიანი მომსახურების მიმღები ბენეფიციარები(ბავშვები) გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. თანამშრომლები 48 საათიანი შუალედებით მორიგეობენ. თითოეული პირის შესვლა თავშესაფრებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მკაცრად კონტროლდება, ხდება შენობების დეზინფექცია, რათა არ მოხდეს თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვების დაინფიცირება. თუმცა, ამავე დროს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, გარდა 24 საათიანი მომსახურებისა, ფუნქციონირებს დღის ცენტრიც, რაც გულისხმობს მხოლოდ დღის მონაკვეთში არასრულწლოვნების ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ამ ეტაპზე კი დღის ცენტრით მოსარგებლე ბავშვები ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ და ხშირად მათ არც ჭერქვეშ ღამის გათევის დარჩენის შესაძლებლობა აქვთ. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენენ, სადაც ძალიან დიდი რისკია მათი დაინფიცირებისა. აღნიშნული ბავშვების უკვე თავშესაფარში წამოყვანაც შეუძლებელია, ვინაიდან მათ შესაძლოა თავშესაფარში მცხოვრები სხვა ბენეფიციარები დააინფიცირონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის მიზნით არ ხდება, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ შემთხვევაში ის არის, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ბავშვები იდენტიფიცირებისას არ არსებობს ადგილი, სადაც მათ წაყვანას და მათი საჭიროების უზრუნველყოფას შეძლებენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ერთ-ერთი თავშესაფრიდან გაიქცა არასრულწლოვანი გოგონა, რომლის უკან დაბრუნებაც საფრთხის შემცველია სხვა ბენეფიციარებისთვის, სანამ არ მოხდება მისი შემოწმება კორონავირუსზე. არასრულწლოვანი გოგონას პოვნის შემთხვევაში ისიც უცნობია თუ ვისთან ჰქონდა მას შეხება და სად იმყოფებოდა. რისკების თავიდან აცილებისა და არასრულწლოვნების თავშესაფრითა და სხვა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით აუცილებელია: მოხდეს მიუსაფარ არასრულწლოვანთა განთავსება 2 კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში. დაუყოვნებლივ შეიქმნას მათზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრები, სადაც კარანტინის გავლის შემდგომ განთავსდებიან,"-ნათქვამია განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს. ინსტიტუტი პირველ სიახლედ გამოყოფს "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტების გაფართოვებას და ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. "საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს. კანონპროექტი დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს წარმოშობს: 1. კანონპროექტით ფართოვდება „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკარანტინო ღონისძიებები გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტის თანახმად კი ეს ტერმინი დამატებით ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის, კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. 2. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას. კანონპროექტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია. ამგვარი ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ასევე გავრცელდება იმ საკარანტინო ღონისძიებებზეც, რომელსაც მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ფართო უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული კონკრეტული, მიზნობრივი ღონისძიებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიებები ცხადად უნდა განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ჭარბ ძალაუფლებას, რამაც შეიძლება ხანგრძლივი და არაპროპორციული გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოებს შეუძლიათ ცალკეული უფლებები კანონით შეზღუდონ სათანადო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ჯანმრთელობის დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ერთი მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 19 მაისს განიხილა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. ამ მიზეზით, ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ამგვარ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის განხილვა ართულებს განსახილველ საკითხზე სრულყოფილი დისკუსიის წარმართვას და საზოგადოების სათანადო ჩართულობას და მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ IDFI ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 მაისს მოუწოდებდა, რადგან ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა წინასწარ განჭვრეტადი იყო. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება საკმარის დროს მისცემდა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად და უზრუნველყოფდა მათ სათანადო ჩართულობას. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და მისცეს ყველა მხარეს და დაინტერესებულ პირს საკუთარი არგუმენტებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
მუსლიმი ლიდერების სუს-ში დაბარების 2 ვერსიაა, ორივე პრობლემურია - ადვოკატი
4 მუსლიმი სასულიერო პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში, - იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც მათ უფლებებს დაიცავს. როგორც EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, სასულიერო პირებს ორი ვერსია აქვთ, თუ რატომ შეიძლებოდა დაებარებინათ, თუმცა ორივეს უსაფუძვლოს უწოდებენ და ორივე პრობლემურია: ერთ-ერთი მათგანის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც „თეოკრატია“ გააკრიტიკა; მანქანის სიგნალებით გამოხატული პროტესტი მარნეულში… რა ხდება? თამთა მიქელაძის მონათხრობის თანახმად, 16 აპრილის დილას შეიხ მირტაგ ასადოვს, რომელიც ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერია, სუს-იდან დაურეკეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. მასთან ერთად დაბარებულია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც ამავე რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან. სუს-ს მათთვის არ განუმარტავს დაბარების მიზეზი, თუმცა მოგვიანებით ადვოკატებთან განმარტეს, რომ ასადოვი დაბარებულია საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. რა ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება ეს, არ განუმარტავთ. ჯერჯერობით გამოკითხვა არ ჩატარებულა და ადვოკატები მარნეულში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, საშვის დაშვებას ელიან, რათა მათი თანდასწრებით ჩატარდეს გამოკითხვა. რის გამო დაიბარეს? თამთა მიქელაძის თანახმადვე, სასულიერო პირებს ორი ვერსია აქვთ, თუ რატომ შეიძლებოდა დაებარებინათ: „პირველი შეიძლება იყოს შეიხი მირტაგ ასადოვის განცხადება „მთავარ არხზე“: მან ჟურნალისტი შეკითხვაზე პასუხად განმარტა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და არა თეოკრატიული, რომ დაყოფა „ჩვენ და სხვები“ სწორი არ არის. აქ მან პრემიერს დაუსვა შეკითხვას, რას იზამს მთავრობა, თუკი მაგალითად, რამადანზე [მუსლიმების რელიგიური დღესასწაული] მუსლიმები მეჩეთების განხსნას მოინდომებენ“; „მეორე ვერსიით, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, მანქანის სიგნალებით აპროტესტებენ მარნეულში შექმნილ ვითარებას. არაერთხელ დავწერეთ, რომ მარნეულში ამ ეტაპზე ჰუმანიტარული კრიზისია, — აქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული, პანდემიის პირობებში კი, როდესაც სახელმწიფოს სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა არ აქვს, ისინი გაჭირვებას ამ ფორმით გამოხატავენ… არსებობს ვარაუდი, რომ ამას დაუაკვშირეს რაიმენაირად ეს პირები, თუმცა თვითონ ამბობენ, რომ ამ პროცესის ორგანიზატორები და ლიდერები არ არიან“. „ვნახოთ, გამოკითხვის პროცესში რა განმარტებებს გააკეთებს სუს-ი, რა კითხვებს დასვამენ და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – ამბობს თამთა მიქელაძე. „მათი დაბარება უსაფუძვლოა“ მისი განმარტებით, პირველი ვერსია გამართლება თუ მეორე, ორივე შემთხვევაში პრობემური იქნება: „ცხადია, როდესაც ვხედავთ საპატრიარქოს მიმართ ღრმა მოწიწებას, ლოიალობას და ადამიანების სიცოცხლის გაწირვას, მუსლიმი სასულიერო პირების დაბარება და გამოძიების პროცესი მთლიანად ამოვარდნილია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპიდან, მით უმეტეს, როდესაც საუბარია რიტორიკულ კითხვაზე, რომელიც ვერც კი შეიძლება იყოს დანაშაულის შემადგენელი“, – აცხადებს ის. „მეორე შემთხვევაშიც, თუ მოსახლეობის ასეთ უკმაყოფილებას შეიძლება „საბოტაჟი“ ეწოდოს სახელმწიფოს მხრიდან, ცხადია, რომ ესეც უსაფუძვლო ჩანს ამ ეტაპზე“, – ამბობს თამთა მიქელაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს, იქედან ადამიანის გადაედოს, ეს არის თეორიული რისკი
ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის - ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ გააკეთა. „არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის. როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე - თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა.როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული - სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე. ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან. „შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით მოწყობილობები, რაც უკვე განთავსებულია, უნდა გააორმაგონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, ასევე, სასურველია მომსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი და ხშირად იტარებდნენ ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კონტროლს, არ მოვდუნებულვართ. ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე პროდუქტის განთავსება, სამაცივრე პროდუქტის სწორად განთავსებაზე კონტროლი ჩვეულებრივ გრძელდება. ასევე, მაღაზიებში გავეცით დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რაც ყოველ 2-3 წუთში ცხადდება ხმოვანი შეტყობინებით და ამას აკონტროლებს კიდეც დაცვის სამსახური. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დახლებიდან ვადაგასული პროდუქცია გაიყიდა. „ასეთი ფაქტზე მე არ მსმენია. ვადაგადსული პროდუქცია ჩვენ იქ არ შეგვინიშნავს. მაგრამ მოვუწოდებ მომხმარებელს, თუ მათ რაიმე ფაქტი ექნებათ ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენს ცხელ ხაზზე - 15 01 დაგვირეკონ და გვაცნობონ, რაზეც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა კალანდაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებებს მხარ არ დაუჭერენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯით, ხელისუფლებამ პირობა დაარღვია. ამის შესახებ გოცირიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიცია კრიტიკისგან მაქსიმალურად თავს იკავებდა და მაქსიმალურად თანამშრომლობდა – რჩევით, მითითებებითა და ზომიერი კრიტიკით. „კრიტიკა და მითითება თანამშრომლობის ფორმაა. ბევრ რამეს ოპოზიცია გაიძულებთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს არის მორატორიუმი კრიტიკაზე, რადგან ასეთი მძიმე ვითარებაა. მით უმეტეს, ბიუჯეტის ფულით საარჩევნო კამპანია დაიწყეთ. განაცხადეთ, მადლობა მაჟორიტარებსო, მათ ეს გააკეთეს, ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შემოტანილი ფულით. რაც შეეხება თანამშრომლობის გაგრძელებას, თქვენ დაარღვიეთ ყველა ადამიანური წესი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, ორი დღის წინ სიამაყით განაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილელებს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩაატარებთ და გაიტანთ. უკვე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პირობა თქვენ დაარღვიეთ. დღეს, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ, ადამიანი ციხეში ჩასვით. თქვენმა პროკურატურამ და ყურმოჭრილმა სასამართლომ ორგანიზატორობაც კი ვერ დაუდასტურეს, „მონაწილეობისთვის“ მიუსაჯეთ. აქ 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თქვენს მიერ დარბაზში გავრილოვის შემოყვანის გამო და მაშინ, ისინიც დააპატიმრეთ. სამწუხაროდ, შეზღუდულ ვითარებაში, მორალური ვალდებულების ტვირთი გვქონდა, რომ ზედმეტად კრიტიკულები არ ვყოფილიყავით, მაგრამ თქვენ მოგვეცით ამის საბაბი და გამოგვიყვანეთ ამ მდგომარეობიდან. საკონსტიტუციო პროცესი თქვენ ჩაშალეთ და პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან პასუხს თქვენ აგებთ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გოცირიძემ. რომან გოცირიძეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. „შეგიძლიათ, ჩვენი კომენტარები ნახოთ. ჩემსკენ და მამუკა მდინარაძისკენ იშვერდით ხელს და გეტყვით. თავიდანვე ვაცხადებდით და ხალხს განვუმარტეთ, თუ რა იყო პოლიტიკური შეთანხმების საკითხები. ასე, რომ დღესაც ვართ იგივე პოზიციაზე“, – მიმართა გოცირიძეს თალაკვაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მთავრობის გადაწყვეტილებით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავცრეებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. „ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
Zugdidi Daily
Zugdidi · 2 months ago
კიდევ ორი, მრავალსაუკუნოვანი ხე ხობისწყალში შეაცურეს.
კიდევ ორი, მრავალსაუკუნოვანი ხე ხობისწყალში შეაცურეს. ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიისგამო შექმნილი მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილს ვერ აჩერებს და ის განაგრძობს ხეების ტრანსპორტირებას. ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ხეების გადატანის სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდა. ორი ასწლოვანი ჭადრის ხის გადატანის გამო გაიზარდა მდინარე ხობის წყლის კალაპოტი. ბარჟამ 10 კილომეტრი უნდა გაცუროს, რომ ზღვაში გავიდეს, შემდგომ ზღვით ივანიშვილის შეკვეთილში მდებარე რეზიდენციაში გადაიტანენ. სამუშაოები სანაპიროს დაცვის კატარღებისა და ხობის რაიონული განყოფილების პოლიციის 2 ეკიპაჟითურთ მიმდინარეობს. სოფელ ქარიატაში კიდევ 6 ხეა გამზადებული წასაღებად, ხოლო მეორე ხორგაში საუკუნოვანი ცაცხვის ხის ამორგვითი სამუშაოები მიმდინარეობს. #ზუგდიდი #ხობი #ხობისწყალი #მრავალსაუკუნოვანიხეები #კატარღები #ეკიპაჟი #zugdididaily