შეზღუდვები და გამონაკლისები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ის შეზღუდვები და გამონაკლისები გააცნო, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. „მინდა, გაგაცნოთ იმ შეზღუდვების ერთობლიობა და გამონაკლისები, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე ამ შეზღუდვების გარდა, კიდევ დამატებით სხვა შეზღუდვები მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მიმოსვლის შეზღუდვა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა გარდა, სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი – ზოგად საგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია, დისტანციური სწავლება, თუ ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციები ვალდებული არიან, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, თუ მათი ადგილზე წარდგენა კატეგორიულად მნიშვნელოვანი არ არის. აიკრძალა ყველა სახის ტრეინინგი, კონფერენცია და სემინარი. დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე სრულად არის შეჩერებული სასწავლო პროცესი. ღონისძიებების აკრძალვა – აიკრძალა ყველა სახის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა. აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის წვრთნები და ვარჯიშები. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა. რაც შეეხება შეკრებებს, მანიფესტაციებს, თავშეყრის შეზღუდვას. აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში, ათზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა სახის სოციალური ღონისძიება, რომელიც ათზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, როგორიც არის სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები. ათზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ. ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ორმეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები – რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, აკრძალული აქვთ, მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის და ე.წ. დრაივის მომსახურებით. კლუბების, გასართობი და დასასვენებელი ცენტრების, კინო-თეატრების, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა შეჩერდა. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურების მოწყობა აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
#government
#georgia
0