ცოდვით დაცემა ადამიანის აზრს უხსოვარი დროიდან აფორიაქებდა. ყველა ადამიანი გრძნობდა, რომ სამყაროში ყველაფერი კეთილად არ იყო და მეტიც, ფრიად არასასიკეთოდ გახლდათ. „რაღაც დამპალა დანიის სამეფოში“, – თუ შექსპირის სიტყვებით ვიტყვით. ვეებერთელა ძალისხმევას მიმართავდნენ, რათა გაერკვიათ ამ არასასიკეთოობის წარმომავლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბერძნული, ისევე, როგორც სხვა ხალხთა ფილოსოფია, შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ჩათვლით, ასე დასმულ კითხვას გასცემდა პასუხს, რომელიც დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ჩვენ დაბადების წიგნში ვხვდებით. ერთ-ერთი პირველი უდიადეს ბერძენ ფილოსოფოსთაგან – ანაქსიმანდრე – ჩვენამდე მოღწეულ ნაწყვეტში ამბობს: „საიდანაც ცალკეულ არსებებს დაბადება ეწვიათ, იქედანვე, აუცილებლობის ძალით, მოდის სიკვდილიც. დადგენილ დროს ისინი სასჯელს იხდიან და მისაგებელს იღებენ საკუთარი უკეთურობისთვის“. ანაქსინამდრეს ეს აზრი მთელ უძველეს ფილოსოფიას გასდევს: ერთეულ საგანთა წარმოშობა, ძირითადად კი ცოცხალი არსებებისა და უპირატესად ადამიანების, განიხილება, როგორც უკეთური კადნიერება, რომლის სამართლიან სამაგიეროს მათი სიკვდილი და განადგურება წარმოადგენს.
ადამიანის ბუნებრივი აზრი ყველა დროსა და ყველა ხალხში, უნებურად, თითქოს მოჯადოებული შეშდებოდა საბედისწერო აუცილებლობის წინაშე, რომელსაც სამყაროში სიკვდილის საზარელი კანონი მოეტანა, მტკიცედ გადაჯაჭვული ადამიანის დაბადებას, და კანონი განადგურებისა, რაც ყველას ელის, ვინც გაჩენილა ან გაჩნდება. თავად ადამიანის ყოფაში აზრი ავლენდა რაღაც არასათანადოს, ბიწიერს, ავადმყოფურს, ცოდვიანს და, ამის შესაბამისად, სიბრძნე მოითხოვდა საფუძველშივე გადალახვას იმ ცოდვისა ანუ განდგომას ყოფისგან, რომელიც, როგორც საწყისის მქონე, განწირულია დასასრულებლად. ბერძნული კათარზისის, განწმენდის საწყისს წარმოადგენს რწმენა, რომ ცნობიერების უშუალო მონაცემები, რომლებიც ყოველივე დაბადებულის განადგურებას მოწმობენ, ავლენენ სამყარომდელ, მარად, უცვლელ და გადაულახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტი, ნამდვილი ყოფა უნდა ვეძებოთ არა ჩვენთან და ჩვენთვის, არამედ იქ, სადაც კანონის მოქმედება დაბადებისა და განადგურების შესახებ წყდება ანუ იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს დაბადება და, შესაბამისად, არ არის და არ შეიძლება იყოს განადგურება. სწორედ აქედან იღებს სათავეს გონებაჭვრეტითი ფილოსოფია. ჭკვიანი თვალისთვის გამხელილი კანონი ყოველი შექმნილის და აღმოცენებულის დაღუპვის შესახებ ჩვენ ყოფიერების სამუდამო მახასიათებლად წარმოგვიდგება: ბერძნული ფილოსოფია ამაში ისევე ურყევად არის დარწმუნებული, როგორც ჰინდუთა სიბრძე, ჩვენ კი, ვისაც ბერძნებსა და ჰინდუებს ათასწლეულები გვაშორებს, ისევე უძლურნი ვართ ამ თვითცხადი ჭეშმარიტების ავტორიტეტს დავაღწიოთ თავი, როგორც ისინი, ვინც პირველად აღმოაჩინა იგი და ჩვენ გვიჩვენა.