5 votes
comments
shares
Save
ეპიდემიოლოგიური შეფასების გარეშე ტესტის ჩატარება ვერ მოხდება
66 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139741

ეპიდემიოლოგიური და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარება ვერ მოხდება. ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია, მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს მზად აქვს ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელშიც შედის როგორც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის, იგივე „პისიარ“ მეთოდით (PCR) ტესტირება, ასევე სწრაფი ტესტები. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ალგორითმით გაწერილია, რა ადგილს დაიკავებს სწრაფი ტესტები დიაგნოსტირების ზოგად პროცესში.

„დღეს ჩინეთიდან უკვე წამოვა 1000 ტესტი, რომელიც ასევე „პისიარ“ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს არის საჩუქარი, რომელიც მივიღეთ. ხვალ ეს ტესტები უკვე იქნება ქვეყანაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა. რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, ეს არის ის მოდელი, რომელსაც სამხრეთ კორეაში იყენებდნენ. ვფიქრობთ, ჩამოვა კვირის ბოლოს. შემდეგ ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს. ის 200 000-ზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ტესტირების პროცესში პრიორიტეტული იქნება სამედიცინო პერსონალის, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი პაციენტების ტესტირება.

„ტესტირებისთვის აუცილებელია ექიმის დანიშნულება. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი სურვილით ტესტის ჩატარება შესაძლოა, არ იყოს მიზნობრივი და ეს ძვირფასი რესურსი, რომელიც გვაქვს ტესტის სახით, ისე გაცდეს და მოქალაქეც უსაფუძვლოდ დამშვიდდეს, მაშინ როცა მისი რისკი შესაძლოა, ისევ მაღალი იყოს. ამდენად, ეპიდემიოლოგიური და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარება ვერ მოხდება. ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია, მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა, ექიმისა და ეპიდემიოლოგის დასკვნა. ამდენად, მოლოდინიც უნდა გვქონდეს შესაბამისი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago
5
Write a comment