აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ არხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემის, "ჰეშთეგის" დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გადაცემა "ჰეშთეგის" თანაწამყვანმა, მალხაზ რეხვეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა. ოფიციალურ მიზეზად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სახელდება.
"...ყველა ვდარდობთ COVID-ს, მაგრამ ეგ გადაივლის და აჭარის მაუწყებელი კიდევ ერთი სამთავრობო მაუწყებელი იქნება.
ერთით ნაკლები სივრცე კრიტიკული აზრისთვის და ერთით მეტი პროპაგანდის მანქანა" - განაცხადა ჟურნალისტმა. ის ასევე აღნიშნავს, რომ გადაცემა ბოლო დროს დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და "ჰეშთეგს" ასეთ პირობებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ცნობისთვის, გადაცემა სკაიპ ჩართვებს აქტიურად იყენებდა დაარსებიდან დღემდე.
მომატებულ ცენზურაზე მაუწყებელში იმის შემდეგ საუბრობენ, რაც ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ტელევიზიის ბორდმა უფლებამოსილება შეუჩერა. ცენზურის გასაპროტესტებლად ტელევიზიის თანამშრომლებმა გაფიცვის უფლება უკვე მოიპოვეს, თუმცა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კორონავირუსსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, არ გაიფიცნენ.
#ბათუმი
#აჭარისტელევიზია
#ჰეშთეგი
#კორონავირუსი
#ცენზურა
#უსაფრთხოება
#batumidaily