11 ნაკლებად ცნობილი ნიშანი იმისა, რომ შფოთვითი აშლილობა გვაწუხებს

0

🦷ყბის ტკივილი

თუ ყბის ან კბილის ტკივილით იღვიძებთ და ამის გამომწვევ სხვა შესაძლო მიზეზს ვერ ხედავთ, შფოთვაზე დაფიქრდით. "შფოთვამ, შესაძლოა, კრიჭის შეკვრა და კბილების კრაჭუნი გამოიწვიოს, როგორც ძილში ასევე - ღვიძილში", - გვეუბნება ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი კრისტინ სკოტ-ჰადსონი. შესაძლოა, ამას გაუაზრებლადაც აკეთებდეთ.

🗯გაფანტული აზროვნება

თუ ერთ საკითხზე ყურადღების შეჩერება გიჭირთ, შესაძლოა, თქვენივე მშფოთვარე აზრებით იყოთ მოცული, რაც თქვენი მიმასართით ნათქვამი სიტყვების აღქმა-გააზრებაში ხელს შეგიშლით. ამან, შესაძლოა, დიალოგში ჩართვა და ახალი ინფორმაციის მიღება გაგიძნელოთ. "თუ საკუთარ სტრესულ აზრებზე იმდენად ხართ ფოკუსირებული, რომ ისიც გავიწყდებათ, რაც ახლახანს გითხრეს, დიდი შანსია, შფოთვა გაწუხებდეთ".

🌀გაღიზიანებადობა

"როცა ვშფოთავთ, ჩვენი ორგანიზმი იბრძოლე ან გაიქეცი რეჟიმში გადადის და, შედეგად, აფეთქების ზღვარზე გვტოვებს, სადაც პატარა დეტალსაც შეუძლია, წყობიდან გამოგვიყვანოს", – ამბობს კლინიკური კონსულტაციის ლიცენზირებული პროფესიონალი, ქრისტინა ფარნივალი. მკურნალობა კი თერაპიის მსგავსი მეთოდებითაა შესაძლებელი.

💬აკვიატებული აზრები

ფანტაზიებში ხანდახან ყველა ჩვენგანი იკარგება, მაგრამ შფოთვის მქონე ადამიანი ზოგჯერ აკვიატებულად და საოცარი სიცხადით ხედავს სურათებს, რომლებშიც თავად ან მისთვის ძვირფას ადამიანებს რაღაც ცუდი ემართებათ. ასეთ დროს მოვლენათა ყველაზე პესიმისტურად განვითარების წარმოდგენებსა ან კოშმარული აზრების ნაკადში იძირებით.

💤ძილის რეჟიმის დარღვევა

"ზოგჯერ ხალხს ღამღამობით მოუსვენრობის შფოთვასთან დაკავშირება უჭირს", - ამბობს ასოცირებული ფსიქოთერაპევტი, კრისტენ ანდერსონი. არადა, ეს ორი მდგომარეობა ხშირად ურთიერთგადაჯაჭვულია. თუ ღამით გონების გათიშვა გიჭირთ ან შუაღამისას გეღვიძებათ ხოლმე, რამდენიმე წამით დაფიქრდით, თვალის მოხუჭვაში შფოთვა ხომ არ გიშლით ხელს.

💸მფლანგველობა

საყიდლებზე იმაზე მეტის დახარჯვა, ვიდრე აპირებდით, მრავალი მიზეზითაა ხოლმე განპირობებული. მაგრამ იცოდით, რომ ერთ-ერთი მათგანი შფოთვა შეიძლება იყოს? "ქრონიკული შფოთვა აქვეითებს ჩვენი ტვინის უნარს, მიიღოს მშვიდი და გაანგარიშებული გადაწყვეტილებები“, - გვეუბნება თერაპევტი, ერინ კარპენტერი. ამის გამო გონებაში იმპულსური გადაწყვეტილებებისათვის რჩება ადგილი. რა თქმა უნდა, თავის განებივრება არ ნიშნავს, რომ შფოთვა გჭირთ. მაგრამ თუ გადამეტებულ შოპინგს სხვა სიმპტომებიც ახლავს და ეს ყველაფერი გსტრესავთ, არის შანსი, მდგომარეობა საყურადღებო იყოს.

💡იმპულსურობა

ზოგ შემთხვევაში შფოთვამ, შეიძლება, იმპულსურობა განაპირობოს, რაც ხშირად წინასწარი აწონ-დაწონვის გარეშე საკუთარი ცხოვრების თავდაყირა დაყენების სურვილს იწვევს. მგავსი იმპულსური გადაწყვეტილებათა მაგალითებია სამსახურის დატოვება, კარიერის რადიკალურად შეცვლა, ახალ ბინაში გადასვლა, უნივერსიტეტის ფაკულტეტის შეცვლა ან ჯანსაღი ურთიერთობების გაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამსახურის დაწყება ან ახალ ქალაქში გადასვლა სავსებით ნორმალურია, ამხელა ნახტომის დაუგეგმავად გაკეთება, შეიძლება, შფოთვის არსებობის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს.

💦გულის აჩუყება

"ხალხის უმრავლესობა ტირილს დეპრესიის ნიშნებთან აკავშირებს, რაც ზოგ შემთხვევაში მართალია", - ამბობს კარპენტერი, - "მაგრამ შფოთვამაც შეიძლება, რომ მღელვარების - და არა სევდის - გამო მიგიყვანოთ ტირილამდე". ასეთ დროს, შეიძლება, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ან სახლში მისვლისას ატირდეთ ან მაშინვე, როგორც კი რაიმე ოდნავ სტრესული შეგემთხვევათ. თუ იმდენად აღელვებული და აფორიაქებული ხართ, რომ ადვილად ტირით, სჯობს, დახმარება ითხოვოთ. ნამდვილად არაა აუცილებელი, თავს ასე ცუდად გრძნობდეთ ან შფოთვას ამ დონემდე გართულების საშუალება მისცეთ.

🌪ჩამოუყალიბებლობა

კარპენტერის თქმით, შფოთვას შეუძლია, ადამიანი გაუბედავი გახადოს. ასეთ დროს ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით გვიძნელდება. გადაწყვეტილებებს ჩვენ კოგნიტური ენერგიის ხარჯზე ვიღებთ ხოლმე და თუ შფოთვა გვაწუხებს, ტვინი უკვე გადატვირთულია სტრესული აზრებითა და დარდით. სწორედ ამიტომ გვიჭირს მცირე თუ დიდი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითისთვის, შესაძლოა, ლანჩისთვის ადგილის შერჩევა ისევე გაგიჭირდეთ, როგორც, ვთქვათ, შემოთავაზებულ სამსახურთაგან საუკეთესოს არჩევა.

📌მოუწესრიგებლობა

შფოთვის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი მოუწესრიგებლობაა. როგორც კარპენტერი ამბობს, "შფოთვისას ჩვენს გონებას გრძელვადიანი გეგმების დასახვა და ორგანიზება უჭირს. ტვინს საქმეების წესრიგში მოყვანა ან შესასრულებელი მოქმედებების კატეგორიზება უძნელდება". ამას კი შეუძლია, ზოგადი არაორგანიზებულობა გამოიწვიოს, რაც თქვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას იქონიებს. თუ შფოთავთ, ეს დიდი ალბათობით გაცდენილი შეხვედრებით, დაგვიანებებით, არეული სახლით, გადასახადების დაფარვის დავიწყებით გამოვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობას შფოთვაზე ფიქრისას აქ ჩამოთვლილი სიმპტომები გონებაში სულაც არ ამოუტივტივდება, ისინი ნამდვილადაა ამ მდგომარეობის ნიშნები. თუ რომელიმე მათგანი თქვენთვის ნაცნობია, მისი დაძლევის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი თერაპევტთან გასაუბრებაა.
#health
#mentalhealth
#ჯანმრთელობა
#ჯანმრთელობისთვის
0