"რატომ კეთდება აქცენტი მორწმუნეებზე, როცა ტაძარში მრევლის რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ტრანსპორტში"

0
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილი შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, სწორედ ეკლესია ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. „ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი, - 1, 5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება). დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით“, - ნათქვამია განცხადებაში. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.
#news
#covid19
#religion
0