EMC მთავრობას - კარანტინში მყოფი მუნიციპალიტეტებისთვის დროული, ეფექტიანი ჰუმანიტარული ზომებია საჭირო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139839 EMC მთავრობას მოუწოდებს კარანტინში მყოფი მუნიციპალიტეტებისთვის დროული და ეფექტიანი ჰუმანიტარული ზომები მიიღოს: "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიონ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, კარანტინში მცხოვრებ მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების სამედიცინო მედიკამენტებზე, საკვებზე, სუფთა წყალსა და სხვა ჰუმანიტარულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. კორონავირუსის, COVID-19 -ის, გავრცელების შეჩერების მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რომლის ფარგლებშიც, 23 მარტს, ქვემო ქართლის ორი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად [1], რომელმაც შეზღუდა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, ასევე შიდა გადაადგილებები. [2] აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ, რომელთა უმეტესობაც სოფლადაა დასახლებული. EMC სისტემურად ახორციელებს ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჭიროებების კვლევას, რომელის ფარგლებშიც გამოვლინდა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების უმეტესობაში არის სასმელ და სამომხმარებლო წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ასევე უდიდესი გამოწვევაა სოფლებში აფთიაქების არ არსებობა. ხშირად სოფლებში არ არის სასურსათო მაღაზია და ამგვარი სივრცეების არსებობის შემთხვევაშიც მათში არსებული რესურსი იმდენად მწირია, რომ ვერ ახდენს სოფლის თითოეული მაცხოვრებლის უზრუნველყოფას საჭირო რაოდენობის მედიკამენტებითა და სურსათით. კარანტინის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს დასაქმების შესაძლებლობები ასევე შეეზღუდათ, რაც მათ სოციალურ მოწყვლადობას ზრდის და ზოგიერთ ოჯახს საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებს. მაშინ როდესაც, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობას სრულად აქვს შეზღუდული გადაადგილება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანების, თითოეული სოფლის მომარაგება პირველადი მოხმარების მედიკამენტებით, საკვებით, სუფთა წყლითა და სხვა ჰუმანიტარული რესურსებით, იმისთვის, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანები არ დარჩნენ ბაზისური რესურსების გარეშე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაითვალისწინოს კიდევ უფრო მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი ოჯახების სამედიცინო და სოციალური საჭიროებები და ინტერესები და მათ პრიორიტეტულად და განსაკუთრებული ყურადღებით უპასუხოს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის სიცოცხლის და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც წარმოიშობა მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ნაკლებობის, სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები ყველასათვის მინიმალური მატერიალური პირობების შესაქმნელად.[3] გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მოუწოდებს სახელმწიფოებს გაატარონ იმგვარი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ეპიდემიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, სამკურნალოდ და შესამოწმებლად. საერთაშორისო პაქტი ასევე მიუთითებს თითოეული ადამიანის უფლებაზე, რომ მას და მის ოჯახს, ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების უფლების განხორციელებით. ვინაიდან სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა რაციონალური ზომა, რათა აარიდოს ადამიანები შიმშილს.[4] ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რაც წლების განმავლობაში განათლების პოლიტიკის სტრუქტურულ ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პროაქტიულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება კარანტინში მცხოვრები ადამიანებისთვის მედიკამენტებით და სხვა ჰუმანიტარული რესურსებით მობილიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს რელევანტური სახელმწიფო ინსტიტუტების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქმედითი მობილიზება, რათა მათ კოორდინირებულად და დაუყოვნებლივ, განახორციელონ თითოეული სოფლის მომარაგება საჭირო რაოდენობის მედიკამენტებით, საკვებით, წყლითა და სხვა საჭირო ჰუმანიტარული რესურსებით და მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პროაქტიულად, მათ შორის, უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე გაავრცელოს ინფორმაცია, "-ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0