ის ლილოშიც დადიოდა და ვაჭრობდა – რას ჰყვებიან მარნეულელი ქალის მეზობლები

0
მარნეულში კარანტინის მესამე დღეა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფიცირებული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს აქვს მაღაზია და პურის საცხობიც, რომელიც ბოლო დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. „ვიცი, რომ თვითონ ეს ქალი ლილოშიც დადიოდა, ვაჭრობდა, თუმცა დაინფიცირების შემდეგ იმყოფებოდა თუ არა ამ ბაზრობაზე, არ ვიცი“, – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი. კიდევ ერთი მეზობელი ემილია გასანოვა ყვება, რომ ინფიცირებული ქალის დედის წლისთავზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. „მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, ჩემი მეზობელია. მისი დედის წლისთავიც ჩემს უბანში იყო 11 მარტს… იქ ჩემი უბნის თითქმის ყველა მაცხოვრებელი იმყოფებოდა. ამ ქალთან ფიზიკური კონტაქტი თითქმის ყველას ჰქონდა მისალმების დროს. მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და ექიმი, მხოლოდ ქალის ოჯახის წევრები გასინჯეს… სისხლის ანალიზი გაუკეთეს. ერთ-ერთ ჩემს მეზობელს, რომელიც 80 წლამდეა. ტემპერატურა 37.3 დაუფიქსირდა. უთხრეს საშიში არაფერიაო“… ის, რომ ინფიცირებული ქალის ოჯახის კიდევ ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, მეზობლებმა მედიით გაიგეს. მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სადეზინფექციო საამუშაოები უკვე დაიწყო და ის ყველა ქუჩას ჩაუტარდება. „სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. ყველა ქუჩას, მათ შორის სადაც ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლია ეტაპობრივად ჩაუტარდება დეზინფექცია. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერია თავად აწარმოებს“. მარნეულში მცხოვრები 60 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებით რამდენიმე დღე მოძრაობდა და სოფელ ნახიდურში წლისთავზეც იმყოფებოდა. მასთან დაკავშირებული სავარაუდო კონტაქტი 1700 ადამიანს აღწევს. კორონავირუსი დაუდგინდა მის ოთხ ოჯახის წევრსაც. ამ დროის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 შემთხვევაა დადგენილი. https://primetime.ge/is-liloshits-dadioda-da-vatchrobda-ras-hkvebian-marneuleli-qalis-mezoblebi/
0