პრაღის ცენტრში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეთა მასობრივი თავყრილობა გაიმართა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა კორონავირუსის პანდემიის შემოღებული შეზღუდვების მიმართ კრიტიკული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავყრილობა.
აქციას, რომელიც არსებული შეზუდვებს დარღვევით მოეწყო, მონაწილეებს არ ეკეთათ ნიღბები და არ იციავდნენ დისტანციას, პოლიციამ არ დაშალა. მისი ცნობით, მას ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა.
აქციას მხარი დაუჭირეს მომსახურების სფეროს მუშაკებმა და კულტურის იმ დაწესებულებების თანამშრომლებმა, რომლებიც 27 დეკემბრის მერე განმეორებით შემოღებული „ლოკდაუნის“ გამო დახურულია.
შეზღუდვის მკაცრი ზომები, მათ შორის კომენდანტის საათი, ასევე რესტორნების და კაფეების, ისევე როგორც მუზეუმების, თეატრების და მსგავსი დაწესებულებების დახურვა, სამთო-სათხილამურო კურორტებზე ინფრასტრუქტურის გაჩერება, მოჰყვა ჩეხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.
დემონსტრაციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის ბევრი გამორჩენილი პირი, მათ შორის ცნობილი მომღერალი და მსახიობი დანიელ ლანდა, ასევე ყოფილი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, ცნობილი მემარჯვენე შეხედულებებითა და ევროკავშირის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსი.
კლაუსმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზომებით ვერ ხერხდება დაავადებულთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ ზარალდება ეკონომიკა.
კლაუსი წინააღმდეგია საყოველთაო აცრისა, რადგან, მისი აზრით, კოლექტიური იმუნიტეტი ყველა შემთხვევაში გამომუშავდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიტანს ვირუსს.
სპეციალისტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კარანტინის ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას და ვაქცინაცია მნიშვნელოვანი საშუალება შეიძლება იყოს კოვიდთან ბრძოლაში.
ჩეხეთის მთავრობას აკრიტიკებენ კარანტინის ოპონენტებიც და ოპოზიციაც, რომელიც კარანტინს მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ ეკონომიკურად დაზარალებულ წვრილი ბიზნესისთვის მხარდაჭერას არასაკმარისად თვლის.
ჩეხეთი ერთ-ერთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით. ამ ქვეყნის მოსახლეობის 8 პროცენტმა გადაიტანა კოვიდი, ხოლო 0,1 პროცენტი - გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31040938.html
#ახალი_ამბები
#twitter