თამარ გაბუნია - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

Tbilisi Daily

ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეცპროექტი - COVID-19”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფებს უკავშირდება და ინფიცირებულთა რისკის ზრდა რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებული არაა. „აქტიური პაციენტების რაოდენობა დღეს მაღალი არ არის. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიზოდურად შემთხვევების მატება, როგორც გვქონდა გუშინ, როდესაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმას, რომ სიტუაციაზე კონტროლი რამენაირად დაიკარგა, თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად, ჩვენ გარშემო, ამდენად, ყურადღება გვმართებს და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მოხდეს ვირუსის გამოვლენა. საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს - ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში“, - განაცხადა გაბუნიამ.